“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი 683 მოქალაქე დღემდე ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. ორგანიზაციის ცნობით, ეს რიცხვი გამოვლინდა 25 მუნიციპალიტეტის გადამოწმებისას, საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია.
აღნიშნულ 25 მუნიციპალიტეტში 1930 წლამდე დაბადებული 3 900-მდე პირიდან, დღეის მდგომარეობით, 1 311 მოქალაქე გარდაცვლილია, მათგან კი 683 რეგისტრირებულია საარჩევნო სიაში.
საარჩევნო სისტემის სპეციალისტის, აკაკი კობალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მათ ოფიციალური უწყებებისგან მოიპოვეს, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტებისგან და ცესკოსგან. კობალაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილია, თუმცა სიები უცვლელად არის გადაგზავნილი ცესკოში.
“ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოში,სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 18 წელს ზემოთ 2 მილიონ 800 ათასზე მეტი, ხოლო საარჩევნო სიებში 3 მილიონ 526 ათას ამომრჩეველზე მეტი ადამიანია. აქ ჩვენ სხვაობა გვაქვს 700 ათას ამომრჩეველში, ეს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი და ჭარბი რიცხვია იმისთვის, რომ დაზუსტებულ სიებზე ვილაპარაკოთ”, – განაცხადა კობალაძემ.
კობალაძის თქმით, 14 სექტემბერს სიების გადამოწმების ვადა იწურება, გასაჩივრების ვადა კი 19 სექტემბრამდეა.
“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” მოუწოდებს ცესკოს, ასევე, საარჩევნო სუბიექტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გადაამოწმონ და გაასწორონ ისე, რომ სიები მაქსიმალურად მიახლოებული იყოს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით ბრიფინგი გამართა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის წარმომადგენლის, თორნიკე გოგისვანიძის თქმით, “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ამ განცხადებით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ცესკოს დისკრედიტაციას, რადგან სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით ცესკო აკონტროლებს, რომ გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული არ იყოს:
“აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ გარდაცვლილის ან თუნდაც სხვა პირის მაგივრად რომელიმე მოქალაქემ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა. რადგან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას პირველ რიგში ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რის საფუძველზეც, საარჩევნო უბანზე მისი იდენტიფიკაცია ხდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრმა გარდაცვალების ცნობა შესაბამის უწყებაში უნდა აიღოს, რაც აისახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში და შესაბამისად ასეთი პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდებიან.
გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციას გადაცემული აქვს შესაბამისი დონის საარჩევნო კომისიებისთვის განცხადების სპეციალური ფორმა, რომელიც გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს შეუძლია შეავსოს და წარადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რის საფუძველზეც სიაში შევა შესაბამისი ცვლილება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ მიმართავენ შესაბამის უწყებას გარდაცვალების მოწმობის მოთხოვნით. იმისთვის, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების მონაცემებში აისახოს ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ ზემოაღნიშნული ცნობის მოთხოვნა ოჯახის მხრიდან აუცილებელია. აქედან გამომდინარე პირი, რომელიც შეიძლება ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდეს და არის გარდაცვლილი, არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად ვინმე სხვა შეძლებს ხმის მიცემას”, – განმარტა ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ.