როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ, რა დარღვევები დაფიქსირდა და რა უკავშირდება მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახელს – ამის შესახებ Jnews-ს “სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე, არნოლდ სტეფანიანი ესაუბრა.
როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ?
– ჯერჯერობით, არაფერია არაორდინალური. რაც, როგორც წესი ხდება სხვა არჩევნების დროს, არ ხდება ახლა. პოლიტიკური ოპოზიციის ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა დიდ ქალაქებზეა კონცენტრირებული. ამიტომ რეგიონებში კონკურენცია, არც თუ ისე მწვავეა. ასეთივე ვითარებაა ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები შეინიშნა. მაგრამ ფაქტია, რომ, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით ანგარიშს ვაქვეყნებთ, რათა ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. სამწუხაროა, რომ თბილისში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს საკრებულოში შესვლის შანსი არ აქვთ. პარტიები ამ საკითხს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ.
პოლიტიკური პარტიების ლიდერები ზემოქმედებაზე საუბრობენ, მათ შორის რეგიონებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ. ამის შესახებ რა არის თქვენთვის ცნობილი?
– მსგავსი ინფორმაცია გვაქვს. ორმაგად ვამოწმებთ ყოველივეს. ვფიქრობ, მომდევნო ანგარშში ეს საკითხი ან უარყოფილი იქნება, ან დადასტურებული. ჯერჯერობით 2 შემთხვევაზე გვაქვს ინფორმაცია, როცა ენზელ მკოიანიას ყოფილი თანამშრომლების, ნაცნობების, ან მისი ახლო ნათესავების მიმართ განხორციელდა ზემოქმედება. თუ სწორად მახსოვს, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაწერეს გადადგომის განცხადება. ამ ინფორმაციას ვამოწმებთ. ვინაიდან ისინი არჩევნებში არ მონაწილეობენ, სხვა შესაძლო მოტივს ვეძებთ. რადგან მონაწილეობენ თუ არა ერთია, ეხმარებიან თუ არა – მეორე. ვაანალიზებთ შესაძლებლობებს, მოტივს. ზოგიერთი ცდილობს საკუთარი მდგომარეობა აურზაურის მოსაწყობად გამოიყენოს. ახალქალაქის ამ შემთხვევის გარდა, ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შევიტანეთ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დადასტურდა დმანისშიც. იყო შემთხვევა, როდესაც ბოლნისში საოლქო კომისიის მუშაობაზე დაკვირვებაში ხელი შეგვიშალეს და ჩვენს დამკვირვებელს იქ არ უშვებდნენ. საკუთარი მდგომარეობის გამოყენების მცდელობის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გვაქვს ლაგოდეხში.
ახლა ძალიან რთულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი, რადგან სამ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. მაგალითად, დმანისში გახარიას პარტიიდის მერობის კანდიდატი მოქმედი მერია. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი რესურსი “ქართულ ოცნებას” აქვს. კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ეჭვმიტანილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. ეს სამი პარტია ყველაზე აქტიურია, მაგრამ, მათ შორის “ქართული ოცნება” გამოირჩევა; მას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება ხელშია.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი სამართლიან გარემოს, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია გამართული იყოს, ნაკლები ექსცესები ხდებოდეს, ადმინისტრაციული რესურსს ნაკლებად იყენებდნენ და მოწინააღმდეგეებზე არ იყოს ზემოქმედების მცდელობა. ყველაფერი ეს წინასაარჩევნო ვითარებაზე, პოლიტიკურ კლიმატსა და არჩევნების დღეზე ახდენს გავლენას.
რატომ არ ჩქარობს ზოგიერთი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, როდესაც არჩევნების დღემდე ცოტა დრო რჩება?
– ძალიან ცოტა პარტიამ გადაწყვიტა ძალისხმევის რეგიონებზე კონცენტრირება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რესურსები, კერძოდ, ფინანსურიც. ბუნებრივია, ცდილობენ თავიანთი რესურსი იქ დახარჯონ, სადაც ტრადიციულად უფრო ოპოზიციური რელიეფია და ეს ყოველთვის დიდი ქალაქებია. ვინაიდან იქ ცნობიერების, განათლებისა და პოლიტიკისადმი ინტერესის დონე უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. შესაბამისად, მეტია ამომრჩეველი.