პატარა ქალაქ ახალქალაქში თითქმის შეუძლებელია ისეთი ქუჩის პოვნა, სადაც ავტომობილებისთვის არ იქნება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერი. ქალაქის მცხოვრებლები სისტემატურად ითხოვენ ხელოვნური ბარიერების მოწყობას, რათა ბავშვები დაიცვან “ავტომრბოლელებისგან“. მაგრამ ბარიერებს არასტანდარტულად აგებენ და ავტომობილები ზიანდება.
თამარ მეფის ქუჩა ნამდვილი ჯოჯოხეთია ადგილობრივი მძღოლებისთვის. “მწოლიარე პოლიციელი” აქ ყოველ 50 მეტრშია დამონტაჟებული, 10 ცალი ერთ ქუჩაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული – დაშვებულზე მაღალი, სპეციალური ფერის გარეშე და ასფალტის ან ბეტონის. უკეთესი მდგომარეობა არც პარალელურ, მესროპ მაშტოცის ქუჩაზეა. აქაც ბევრი ხარვეზია, თუმცა, ბარიერი შეღებილია.
ტაქსის ადგილობრივი მძღოლი ამბობს, რომ მისი ავტომობილი მთელი დღის განმავლობაში “ხტუნავს” უსწორმასწორო გზებზე. მიაჩნია, რომ ზედმეტად ბევრი ბარიერია გზებზე, ისინი ძალიან მაღალია, ადგილ-ადგილ განმასხვავებელი შეფერილობით არ არის გამოკვეთილი.
“ყველაფერი იმიტომ, რომ ვისაც მოუნდება სახლის წინ უკეთებენ ბარიერებს. მოუნდა აქ – გააკეთეს, კიდევ 100 მეტრში მოუნდათ – გააკეთეს. აღარ დარჩა ქუჩა, სადაც არ არის “მწოლიარე პოლიციელი”. ერთ ქუჩაზე 10-ცალიც შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა არის ადგილები, სადაც ის აუცილებელია – სკოლის წინ და ა.შ. მაგრამ არა ყველა სახლის წინ”, – ამბობს ტაქსის მძღოლი.
ახალქალაქში არის ერევან – მარგარიანის გზაჯვარედინი, სადაც ხელოვნურ ბარიერებს ოთხივე მხრიდან არის გაკეთებული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, იქ ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რის გამოც გაკეთდა “მწოლიარე პოლიციელები”. ისინი ძალიან მოხარულები არიან, რადგან ავტომობილები ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ, ბავშვები კი მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში თამაშობენ.
“დღეს სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. აქ ძალიან ბევრი ბავშვია, ადრე მაღაზიაც იყო. რა თქმა უნდა ჩვენ მომხრე ვართ, აქ ძალიან საშიშია, განსაკუთრებით ჩვენს კუთხის სახლთან. ყველა მხარეს ავტომობილებია, ჩვენ კი სახლში ბავშვები გვყავს. ჩვენც გვყავს ავტომობილი, მაგრამ მაინც უსაფრთხოების მომხრე ვარ”, – გვიამბობს აღნიშნული გზაჯვარედინის მცხოვრები.
ორივე მხარე – ქვეითიც და მძღოლიც – თანხმდება იმაზე, რომ ადგილობრივი ახალგაზრდონა – “მრბოლელები”, შემზღუდავი ბარიერების გარეშეც არ დააგდებენ სიჩქარეს.
“ისინი ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, ბარიერებს თუ ად დავამონტაჟებთ, სიჩქარეს არ შეზღუდავენ”, – მიაჩნია ახალქალაქის მცხოვრებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენები ნორმალურად რომ ატარებდნენ ავტომობილებს, ეს ყოველივე საჭირო არ იქნებოდა. ჩვენს მძღოლებს უყვართ სიჩქარის გადაჭარბება”, – მიაჩნია ტაქსის მძღოლს.
ახალქალაქში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას ადგილობრივი მერია აწარმოებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმარების სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი “მწოლიარე პოლიციელებს” კოლექტიური განცხადების საფუძველზე ამონტაჟებენ.
“მერიაში შემოდის კოლექტიური განცხადებები, მოგვმართავენ და ჩვენ ვამონტაჟებთ. კოლექტიურად განვიხილავთ – ჩვენი და სხვა სამსახურების მონაწილეობით, სამუშაოები მიმდინარეობს ორმოულების ამოვსების ფარგლებში”, – განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა, რაფიკ აბაჯიანმა.
საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს “მწოლიარე პოლიციელების” სიმაღლეს, ზომას და ა.შ.
ამ სამუშაოებს საქართველოში, რამდენიმე კომპანია აწარმოებს, რომლებიც საერთაშორისო პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ბარიერი უნდა იყოს დამზარებული კაუჩუკისგან, ან პლასტმასისგან. სიმაღლე 40-45 მმ-ს, ანუ 4 – 4,5 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს, სიგანე კი 500 მმ უნდა იყოს. თუმცა ახალქალაქში მათ ამონტაჟებენ პრინციპით “რაც უფრო მაღალი, მით უკეთესი” და სიმაღლე 10 სმ და მეტია.
ამალია ბაბაიანი