„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება მთლიანად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და „ოქტომბრის რეფერენდუმის”, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ბრძოლაში.
„მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე გადავდივარ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამ ეტაპზე ტექნიკურად, ფორმალურად რჩებიან პარლამენტში, რათა აიძულონ “ქართული ოცნება” ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები.
“ჩემივე ძალიან პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე რჩებიან პარლამენტში”, – განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოქმედი პარლამენტი დაიშლება და ქართველი ხალხი ახალ ლეგიტიმურ პარლამენტს აირჩევს.