ლიდა ალმასიანი, გოგონა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯადან, ბავშვობაში სომხეთის მოქალაქე იყო. მოსწავლე იყო, როცა მშობლებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სწავლის საფასური უნდა გადაეხადათ. სკოლაში ლიდას უმცროსი ძმაც დადიოდა და გადასახადი მასაც ეხებოდა. ერთი წლის შემდეგ ეს საკითხი აქტუალური აღარ იყო.

”სკოლის დირექტორმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ რადგან ჩვენი ორი შვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მათი სწავლის საფასური უნდა გადავიხადოთ. არ მახსოვს გადასახადის ოდენობა. ვუთხარით, რომ თუ გვიწევს, გადავიხდით. კლასში უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა მოსწვალეც იყო, მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით. გადახდაზე შევთანხმდით და სახლში წავედით. ამის შემდეგ, ეს თემა აღარ განხილულა. აღარ დაგვირეკეს, არც სკოლაში დავუბარებივართ და ფული არ უთხოვიათ “, – გვიყვება ლიდას დედა ვოსკეჰატ ალმასიანი.

ლიდა ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მშობლებს სწავლის საფასური უნდა გადაეხადათ. მისი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში მეცხრე კლასამდე ისწავლიდა, შემდეგ კი, სკოლიდან გაიყვანდნენ და სწავლას სომხეთში გააგრძელებდა. ლიდა ამის წინააღმდეგი იყო. მას საქართველოში დარჩენა და უმაღლესი განათლების მიღება სურდა.

”ძალიან მინდოდა აქ დარჩენა და აქ სწავლა. როცა გავარკვიე, რომ სკოლაში ჩემი განათლება უფასო გახდა, ძალიან გამიხარდა, რადგან დავრჩი სოფელში და დავამთავრე სკოლა. მაგრამ წარმოიშვა სხვა სირთულეები, რის გამოც ჩემი ერთადერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება გახდა. ამის პირველი მიზეზი იყო განათლება, იმ დროს ბევრმა თქვა, რომ თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, უნივერსიტეტებში სწავლის საფასური გაგიორმაგდებათო. სანამ სკოლა დავამთავრე, მივაღწიე მიზანს და მივიღე საქართველოს მოქალაქეობა. სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ თბილისში ვისწავლიდი”.

lida3

ლიდა ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. ფიქრობს, რომ პროფესია სწორად აირჩია. აქტიურია და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაც კარგად მოახერხა, რაც მისი აზრით, თბილისში სწავლის შედეგია. სომხეთში რომ წასულიყო, ამდენს ნამდვილად ვერ შეძლებდა.

”უფასო სასკოლო განათლებამ და საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩემს მომავალზე, ასევე აწმყოზე. სწორედ ამის გამო არ წავედი ერევანში. ვფიქრობ, ერევანში რომ მესწავლა, ასეთი აქტიური არ ვიქნებოდი. სომხეთში რომ წავსულიყავი, გადაწყვეტილი იყო, რომ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა, რაც არ მომწონდა. მე ჩემს მომავალს საქართველოში ვხედავ. საქართველოში თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვგრძნობ, ჩემი უფლებები არასდროს დარღვეულა. მომავალს ვხედავ ახალქალაქში. მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ განათლების მიღების შემდეგ უნდა დარჩნენ თბილისში. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. თუ ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენი ქალაქიც განვითარდება”, – ამბობს ლიდა.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ლიდა ბევრ პროგრამაში მონაწილეობს. ახლა “წითელი ჯვრის” ახალქალაქის ფილიალის კოორდინატორია.

lida

„პირველი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო Pita-ს პროგრამა, სადაც სხვადასხვა სემინარს დავესწარი, შევისწავლე და შემდეგ თვითონ ჩავატარე ტრენინგები ახალქალაქის სხვადასხვა სოფელში. ახლა მე საქართველოში უკვე რეგისტრირებული ვარ, როგორც აქტიური მოხალისე. ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა კალენდარი, სადაც ჩემი ფოტოსურათია. იქ სხვადასხვა პერიოდის აქტივისტების ფოტოებია, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს (საზოგადოების) განვითარებაში და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მე მათ შორის ვარ”.

lida2

ლიდას მთავარი მიზანია, თანატოლებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმაროს, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში შეუწყოს ხელი. ის აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებს, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას ზღუდავს.

კითხვაზე, იცის თუ არა ლიდამ, როგორ შეიცვალა მისი მომავალი და როგორ გახდა ზოგადი განათლება მისთვის უფასო, გვპასუხობს: ”არ ვიცი, როგორ, ან რა მოხდა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ეს კანონი, ან მის ავტორებს!“

2014 წელს, რუსეთის მოქალაქეებმა, ჰოვანეს და რუდოლფ დარბინიანებმა, სუზანა ჟამკოჩიანმა, ასევე, სომხეთის მოქალაქეებმა, მილენა და ლენა ბარსეგიანებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რადგან სახელმწიფო მათ ზოგად განათლებას არ აფინანსებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უფასო განათლების მიღების უფლება აქვს საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, განურჩევლად მოქალაქეობისა. ხუთმა მოსარჩელემ შეცვალა არა მხოლოდ საკუთარი მომავალი, არამედ საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქის, მათ შორის, ლიდა ალმასიანის ბედი.

ოვანეს და რუდოლფ დარბინიანების დედა, არაქსია დარბინიანი იხსენებს, რომ შვილების სწავლის საფასურის გადახდა ერთხელ მოუწიათ, იმედიც არ ჰქონდათ, რომ ამ კანონს შეცვლიდნენ.

”არ მახსოვს, მეექვსე თუ მეშვიდე კლასში, გვითხრეს, რომ უნდა გვქონოდა დროებითი ბინადრობის ნებართვა, სწავლის საფასურის გადახდა რომ არ დაგვკისრებოდა. დავიწყეთ დროებითი ბინადრობის ნებართვისთვის განაცხადის შევსება. ერთი წლის შემდეგ, მათ გვითხრეს, რომ არც ეს დაგვეხმარებოდა, ორმაგი მოქალაქეობა გვჭირდებოდა. იმ დროს ამის გაკეთება არ გვინდოდა. ბავშვებს სკოლაში, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში არ უშვებდნენ და იძულებულები გავხდით გადაგვეხადა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო 400-ლარზე მეტი, დაახლოებით 480 ლარი. მივიტანეთ გადახდის ქვითრები და ბავშვები სკოლაში დაუშვეს. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს. რამდენიმე მშობელთან ერთად წავედით სხვადასხვა უწყებაში, შევხვდით ომბუდსმენის წარმომადგენლებს. სახალხო დამცველის დახმარებით დაგვიკავშირდნენ იურისტები, ვესაუბრეთ ადვოკატებს, მათ თქვეს, რომ რაღაცის გაკეთებას შეეცდებოდნენ. შემდეგ ადვოკატი მოვიდა, მოგვილოცა და თქვა, რომ ჩვენ (საკონსტიტუციო) სასამართლოში პროცესი მოვიგეთ. სანამ საქმე მიმდინარეობდა, სწავლის საფასური არ გადაგვიხდია. გადახდილი ფული კი არ დაგვიბრუნეს”, – გვიამბობს არაქსია.

ზოგადი განათლების გადასახადთან დაკავშირებით სასამართლოს ბევრმა არ მიმართა, როგორც არაქსია ამბობს, ბრძოლის პროცესში მშობლების ნაწილს შეეშინდა, ნაწილმა კი ორმაგი მოქალაქეობა აიღო. არაქსია და მისი ოჯახის წევრები მაშინ ფიქრობდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს ვერ მოიგებდნენ.

”თავიდან არ გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. შემდეგ, როდესაც დარეკეს და გვითხრეს, ძალიან გაგვიხარდა. სკოლიდანაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ პრობლემები აღარ არის და ბავშვებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ განათლება ”.

პანდემიამდე, ჰოვანესს და რუდოლფ დარბინიანებს პრობლემები საქართველოში აღარაფერზე შექმნიათ. კორონავირუსის გავრცელებბისთანავე კი საზღვარზე უთხრეს, რომ დროებითი ბინადრობის დოკუმენტი საზღვრის კვეთისთვის აღარ გამოადგებოდათ. ბიჭები პროგრამა “როსოტრუდნიჩესტვოს” ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდებს რუსეთში უფასო უმაღლეს განათლებას სთავაზობს, მოსკოვში სწავლობენ. რომ არა ეს პროგრამა, ისინიც საქართველოში, ან სომხეთში ისწავლიდნენ.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში დარბინიანების სარჩელი შევიდოდა, ფასიანი ზოგადი განათლების გამო, არა ერთი მოსწავლე დაზარალდა. არმანი (პირობითი სახელია, რადგან ოჯახმა არ ისურვა იდენტიფიცირება) ერთ-ერთი მათგანია. 2009 წელს, ის იძულებული იყო, მე-9 კლასიდან სკოლა დაეტოვებინა. არმანის მშობლებს ორი მოსწავლის სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდათ.

”ჩემი ორი შვილი სკოლაში სწავლობდა, ორივე რუსეთის მოქალაქეა. დირექტორი ყოველდღე მირეკავდა, ყოველ წუთს მეუბნებოდა, რომ მე უნდა გადამეხადა ბავშვების სწავლის საფასური. შემდეგ მითხრეს, რომ მჭირდებოდა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ავიღეთ ნებართვა, მაგრამ კვლავ მითხრეს, რომ თანხა უნდა გადაგვეხადა. ჩემი ქალიშვილი უკვე ზრდასრული იყო, მე -12 კლასელი. როგორღაც დაამთავრა სკოლა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში არ მისცეს ატესტატი და ერთი წელი დავიტანჯეთ. თანხას არ ვიხდიდი და არ გვაძლევდნენ. მეორე შვილი ვერ დავტოვეთ სკოლაში. იმდენჯერ დარეკეს ფულის მოსათხოვად, რომ მე–9 კლასიდან მომიწია გამოყვანა. სწავლის საფასური არ იყო ცოტა, ორი ბავშვის გადასახადი დაახლოებით 600 აშშ დოლარი იყო”.

არმანს სწავლა აღარ გაუგრძელებია. ავტოსამრეცხაოში დაიწყო მუშაობა და დღემდე იქაურობას შემორჩა. მასაც ჰქონდა ოცნება და სხვაგვარად ხედავდა მომავალს.

დარბინიანების და კიდევ რამდენიმე ახალქალაქელი მოსწავლის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში მანამდე რომ შესულიყო, ვიდრე არმანი სკოლაში სწავლობდა, შესაძლოა, მისი აწმყო სულ სხვაგვარი ყოფილიყო და ოცნებებიც ასრულებოდა.