პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებს უკვე მესამედ უყარა კენჭი და ისევ ვერ აირჩია.

წინა კენჭისყრებისგან გასხვავებით, სადაც მათ ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, დღეს კენჭისყრა 3/5-იანი კვორუმით [90 დეპუტატი]​ ჩატარდა, თუმცა კანდიდატებმა ვერც ხმათა ამ რაოდენობის მოგროვება შეძლეს.

ეს საკითხი კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გავა. ამჯერად კვორუმი კიდევ უფრო დაბალი იქნება და კანდიდატების ასარჩევად მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით დაიკავებენ თანამდებობებს.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

გიორგი კალანდარიშვილი – 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
გიორგი სანტურიანი – 3 მომხრე 8 წინააღმდეგი.
ცესკოს წევრობის კანდიდატები 2 ვაკანტურ თანამდებობაზე

გია ცაცაშვილი – 77 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
ლელა ტალიური – 17 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;
თამარ სართანია – 14 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
მაია ზარიძე – 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი.
პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, მეორე კი 22 ივლისს. თუმცა საჭირო რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, შესაბამისად, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია.