ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქეს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ – ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ი.შ. ახორციელებდა.
პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო“ – წერს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.
დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.