მოვაჭრეებს, რომლებიც ხელოვნურად გაზრდიან ფასებს ამა თუ იმ პროდუქტზე, იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, COVID-19-ის გამო შექმნილ სიტუაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ბაზრებზე ფასების სპეკულაციური ზრდა დასჯადი გახდება.
კორონავირუსით გამოწვეული პანიკისა და ლარის კურსის ვარდნის ფონზე, ქვეყანაში ფასების ზრდა დაიწყო. მინისტრის თქმით, უწყება სურსათის მომწოდებელ ყველა რგოლთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით პრობლემა არ შეიქმნას.
“ჩვენ ძირითად სასურსათო, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს და ამის შესახებ მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას, ხშირად, მაინც ფიქსირდება პანიკურად გაზრდილი მოთხოვნა და უკონტროლო შესყიდვები, რაც სუპერმარკეტებში და საცალო ობიექტებში ზოგიერთი სახეობის ასაწონი ბურღულეულის მიწოდებაზე გარკვეული შეფერხების მიზეზი ხდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მარაგები კონტროლდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, თუმცა, არის მცირე შეფერხება, რაც კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. კერძოდ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა გართულებულია, მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტებზე არის გარკვეული სირთულეები. ამ ეტაპზე ლარსზე დაახლოებით ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას გამომდინარე იქიდან, რომ ზვავსაშიშროების გამო, გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია.
როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, აღნიშნული შეფერხებები პანიკის საფუძველს არ ქმნის. მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
“საზოგადოებაში პანიკა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ასეთ მოვლენებს და კიდევ უფრო ართულებს პროცესების მართვას. 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება, გზა გაიწმინდება და ქვეყანაში შემოვა ჭარბი რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ფასები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ფასების სტაბილურობისთვის მუშავდება მექანიზმი, რომ იმპორტიორებისთვის, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ფინანსური და სავალუტო რისკები დააზღვიონ. ეს ეხება ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტს.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვანები. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და 16 მარტს დატოვა კლინიკა. ამ დროისთვის, კარანტინში 1344 ადამიანი იმყოფება, კიდევ 216 ადამიანზე ხორციელდება სტაციონარული დაკვირვება.