საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.
მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლების დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.
„18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.