საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ უარყო, რომ ვაშინგტონში შეხვდა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
აშშ-ის დედაქალაქში თანაპარტიელებთან, ლევან დოლიძესა და კახაბერ ქემოკლიძესთან ერთად მყოფმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ ერთი ღამით მართლაც იმყოფებოდნენ იმავე სასტუმროში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მეორე დღეს კი, “ლოგისტიკურად და გეოგრაფიულად უფრო მოსახერხებელ” სასტუმროში გადავიდნენ.
ვაშინგტონში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაც, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და ასევე, მიხეილ სააკაშვილი. „რუსთავი 2“-მა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია გახარიას და სააკაშვილის შეხვედრის შესახებ, რაც იმავე დღეს უარყვეს პარტიების, „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.
თავად გიორგი გახარიამ ტელეკომპანიის კორესპონდენტს განუცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარიც კი ზედმეტია: „არაფერი მე დასამალი არა მაქვს, არაფერი საერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან” არა მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით, “ქართულ ოცნებას” წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა”.
გიორგი გახარია თანაპარტიელებთან ერთად, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვაშინგტონში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხვდებიან აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს. ასეთივე შეხვედრებს ვაშინგტონში მართავენ პარლამენტის ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა, რომ გახარია სააკაშვილთან შეხვედრას უარყოფს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ეჭვი პრაქტიკულად, არ ეპარებათ, რომ მსგავსი შეხვედრა შედგა.