სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ელექტრომომარაგების შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და „ენგურჰესის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია
14:50, 14.06.2021
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დედაქალაქისა და რეგიონების ნაწილისთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავენ.
როგორც ელექტროსისტემის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და „ენგურჰესის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ელექტროენერგია ცოტა ხნის წინ დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს შეუწყდა.