ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი, მკვეთრად გამყარდა უცხოური ვალუტის მიმართ. რა არის ამის მიზეზი? უნდა ველოდოთ, თუ არა ფასების შემცირებას იმ პროდუქტებზე, რომლებიც დოლარის კურსის ზრდასთან ერთად შეიცვალა? ამის შესახებ Jnews-ს ISET- ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავით კეშელავა ესაუბრა.
– რა არის დოლარის კურსის დაცემის მიზეზი, მას შემდეგ, რაც გარკვეული დროით კურსი შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა?
ძალიან რთულია კონკრეტული მტკიცებულებებით იმის თქმა, რამ გამოიწვია ლარის გამყარება. ჯერ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ 100%-ით გიპასუხოთ, თუ რა გახდა ლარის გამყარების მიზეზი. თუმცა, ჩვენს მიერ მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად შემიძლია ავხსნა მიზეზი.
არსებობს ფაქტორების 2 ჯგუფი:
პირველ ჯგუფში პირველი ფაქტორი – გაუმჯობესებული ფუნდამენტური ფაქტორი. თუ კონკრეტულად გადავხედავთ ბოლო დროის დინამიკას, დავინახავთ, რომ საქართველოში სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ექსპორტი აღდგება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე იმპორტი. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სავაჭრო დეფიციტის შემცირებას, რაც ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლება.
მეორე არის გადარიცხვების დინამიკა, რომლის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა. ეს ლარის გამყარების კიდევ ერთი ფაქტორია.
ამ პერიოდში ტურიზმის სექტორს ლარის გამყარებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, ჩვენ ჯერ ძალიან შორს ვართ იმ მაჩვენებლებისგან, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა.
მეორე ჯგუფის ფაქტორები, მაგრამ ამას სტატისტიკური მონაცემებით ვერ წარმოვადგენთ, ეს მოლოდინებია. პოზიტიური მოლოდინები დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ეს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. საგრძნობია ის, რომ ვაქცინაცია ნელ-ნელა მიმდინარეობს, ვაქცინაციის პროცესი რამდენად სწრაფი იქნება, მოლოდინები მით უფრო დადებითი იქნება. ეს ასევე პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციაზეა დამოკიდებული.
– დოლარის კურსის დაცემის შემდეგ, რამდენიმე დღეში, კლების ტენდენცია ზრდით ჩანაცვლდა, რა არის ასეთი რყევების მიზეზი?
ეს არის მოკლევადიანი რყევები, რომლებიც აიხსნება მოკლევადიანი საბაზრო ძალებით.
– მას შემდეგ, რაც ლარი გამყარდა, შესაძლებელია კვების და სხვა სახის პროდუქტებზე ფასების შემცირება?
ეკონომიკური კვლევებიდან გამომდინარე ვიცით, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასებზე. მაგალითად, გაცვლითი კურსის გაძლიერებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასების შემცირებაზე. ამას გარკვეული დრო სჭირდება, კომპანიებს აქვთ საწყობები, სანამ ამ საწყობიდან საქონელი არ გაიყიდება, ფასების შემცირება შეუძლებელია. მაგრამ ამ ყველაფრის ახსნა ძალიან რთულია, რადგან დღევანდელი ფასების ზრდა, არა მხოლოდ გაცვლითი კურსის დაცემას, არამედ სხვა ფაქტორებსაც უკავშირდება. არსებობს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ. მაგალითად, საწვავის მსოფლიო ფასები და ზოგადად პროდუქტის ფასები. ეს ასევე დამოკიდებულია პანდემიის პერიოდზე. გასულ წელს ბიზნესის ხარჯი გაიზარდა, რაც თავის მხრივ ფასების ზრდას იწვევს.