ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჟურნალისტებს ნინოწმინდის პანსიონში ეტაპობრივად შესვლას და პანსიონის დათვალიერებას სთავაზობს.
მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებას, სოცმუშაკები პანსიონიდან დღის ბოლოს გამოვიდნენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხონ ხოლმე. სამ ეტაპად კი ჟურნალისტების პანსიონში შეშვებას გეგმავს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ბავშვთა სახლი, ხელმძღვანელით, პერსონალითა და ბავშვებით არიან დაძაბულები. გასაგებია ეს, ორი თვე, 24 საათის განმავლობაში აქ დგახართ. მძიმეა ამ პირობებში ცხოვრება, ამიტომ ვიძახი – პირველ ეტაპზე, დაათვალიერეთ პანსიონი, მეორეზე შედით კამერების და მიკროფონების გარეშე, მოისმინეთ და მოჰყევით. მესამე ეტაპზე კი სრულად გავხსნათ ყველაფერი, მოკლედ ეს არის ჩემი დამოკიდებულება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით პანსიონში სოცმუშაკები ისევ რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარკებებს აწარმოებს სოცმუშაკებთან, რის მიხედვითაც შეადგენს გრაფიკს თუ როდის დასჭირდებათ ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღება და ამ გრაფიკის მიხედვით მოხდება მათთან სრულყოფილი მონაცემების მიწოდება.
დღეს, 8 ივნისს, ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ორმა ბენეფიციარმა დატოვა, როგორც ბავშვები და მშობლები აცხადებენ, მათი პანსიონიდან წასვლა ზაფხულის არდადეგებს უკავშირდება და ისინი სექტემბერში კვლავ დაბრუნდებიან.