პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა და რეანიმატოლოგმა, ლევან რატიანმა გადაცემაში „ნოესთან“, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და ის დღე გაიხსენა, როცა პაციენტი მის კლინიკაში შეიყვანეს. მედიკოსი ამბობს, რომ ახალციხელი ექთნის მიღება არ უნდოდა, რადგან თავიდანვე იცოდა, რომ მდგომარეობა მძიმე იყო და ის რამდენიმე საათში გარდაიცვლებოდა.
„ეს იყო განცდა, სადაც პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ეს პაციენტი ჩემ კლინიკაში რომ შემოვიდოდა რამდენიმე საათში დაიღუპებოდა. როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში, იქ ჩემი ექიმი მუშაობს, მისი დარეკვის შემდეგ მივხვდი, რომ იქ სიცოცხლე ვერ გაგრძელდებოდა. როცა საგანგებომ დამირეკა, მე პირველად უარი ვუთხარი, რადგან არ მინდოდა იმ ტკივილის მიღება, რასაც ახალგაზრდა მედპერსონალის ჩემს კლინიკაში გარდაცვალება წარმოადგენს“, – თქვა გადაცემაში ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში მიღებიდან 15 წუთში გასინჯა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო.
„გახანგრძლივებული რეანიმაცია იყო, ასეთ შემთხვევაში ჩვენდა სამწუხაროდ ცოცხალ სისტემას არ შეუძლია აღიდგინოს ფუნქცია. არსებობს ჩვენთან დიაგნოზი, გულის გაჩერება წარმატებული აღდგენით, მაგრამ მას თავისი დრო გააჩნია. როდესაც ის დროს სცილდება, რა დროსაც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი კვდება, იქ გამოსავალი სამწუხაროდ ყოველთვის ცუდად მთავრდება. მე ეს გრძნობა გამიჩნდა და ჩემდა სამწუხაროდ ასეც დასრულდა…
რომ გავსინჯე, მივხვდი, რომ იქ სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა. ავუხსენი კიდევაც მეუღლეს. ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია. ჯერ პირველ რიგში, ის, რომ უნდა უთხრა პატრონს აუცილებლად და მეორე, რომ ძნელი აღსაქმელია, როდესაც უძლური ხარ. ეს ძალიან იშვიათად ხდება ექიმის ცხოვრებაში. როდესაც პაციენტს სინჯავ და იქვე ხვდები, აქ არაფერი გამოვა. ეს იყო მისი კლინიკური მდგომარეობა. საავადმყოფოში შემოსვლიდან 15 წუთში გავსინჯე პაციენტი და იქვე ჩავწერე კიდევაც ჩანაწერში, რომ სიცოცხლე რამდენიმე საათში სიკვდილით დასრულდებოდა. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“, – ამბობს რეანიმატოლოგი.
იგი წამყვანის კითხვას, „ვისი ბრალი იყო ექთნის გარდაცვალება“, არ პასუხობს და ამბობს, რომ „ვისი ბრალი იყო – სამწუხაროდ ამის თქმის უფლება მაქვს თუ არ მაქვს მეორე მომენტია, მაგრამ მექნებოდა, უფლება როდესაც მოვლენას შევესწრებოდი, მე იქ განვითარებული მოვლენა არ ვიცი, ვიცი მხოლოდ მონაყოლი, ვისი ბრალი იყო არ ვიცი, ეს ჩემი განსასჯელი არ არის“.
ლევან რატიანი წამყვანის კითხვას, იქ [ახალციხეში] რომ ყოფილიყო შეძლებდა თუ არა ექთნის გადარჩენას, ასე პასუხობს, „ვერ გეტყვით, რასაც იქაური ექიმი ჰყვება, იქ ყველაფერი გააკეთა რეანიმატოლოგმა, მეც იმაზე მეტს ვერ გავაკეთებდი ნამდვილად, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, ჩემი დღის ექიმი იყო ალადაშვილის კლინიკაში.. ეს იყო ბედისწერა, ვერ გეტყვით, მე ყველაფერს გავაკეთებდი, მანაც ალბათ ყველაფერი გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს კლინიკა „იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე უცნობია ექსპერტიზის დასკვნის პასუხი. კლინიკა „იმედში“ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაში ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობის დამძიმების რამდენიმე სავარაუდო მიზეზი წერია, მათ შორის არის ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია. ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში პაციენტი „სამბალიანი კომით შეიყვანეს“.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს. გახდა თუ არა ექთნის გარდაცვალება ექიმების დაგვიანებული ჩარევა, ამას გამოძიება დაადგენს.
წყარო: sknews.ge