სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობენ.
სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მადონა ბასილაძის ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების დროს პოლიციამ ორი პირი დააკავა.
მისი თქმით, ამ წუთებში ხდება მათი იდენტიფიცირება. ბასილაძის თქმით, ისინი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც მან აღნიშნა, დაკავებულებს სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.
„ამ საკითხს შევისწავლით და განმარტება მოგვიანებით აუცილებლად გაკეთდება. შევხვდი პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დამიდასტურეს ორი პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა მადონა ბასილაძემ.
სოფელ გუმათში ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.