ფეისბუქი და ინსტაგრამი მომხმარებლებს პოსტებზე მოწონებების რაოდენობის დამალვის საშუალებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მახასიათებლის საპილოტე ტესტებმა ვერ დაადგინა მისი მნიშვნელოვანი გავლენა ამ პლატფორმების მოხმარებაზე, კომპანია ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს.

მოწონების ღილაკი ფეისბუქზე 2009 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში სოციალური მედიის წარმატების მთავარ საზომად იქცა.

ფეისბუქმა, რომელიც ინსტაგრამსაც ფლობს, ორი წლის წინ მოწონებების დამალვის ექსპერიმენტი დაიწყო. ინსტაგრამის ხელმძღვანელის, ადამ მოსერის განცხადებით, ასეთი ნაბიჯი შეიძლება კარგი იყოს მომხმარებლის „მენტალური ჯანმრთელობისთვის და შეამციროს მათი პოსტების პოპულარობით გამოწვეული აშლილობა.

მისივე თქმით, კომპანიას ამ ცვლილების მიღება იმის მიუხედავადაც სურს, თუ აღმოჩნდა, რომ ბიზნესინტერესებზე ცუდად იმოქმედა.

მოსერი აღნიშნავს იმასაც, რომ ინსტაგრამის მომხმარებლებს შეეძლებათ დამალონ როგორც საკუთარი პოსტების ლაიქები, ისე იმ ადამიანების, რომლის გამომწერებიც არიან.

მომზადებულია The Wall Street Journal-ის მიხედვით.