სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში გვიან ღამით დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგები სიძლიერის მიხედვით საშუალო კლასის მიწისძვრებს განეკუთვნება.
ცენტრში განმარტავენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვეს არ არის დასახლება და ნგრევა ნაკლებად სავარაუდოა.
„ბიძგები დაფიქსირდა დაბა ყაზბეგიდან 31 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიწისძვრის მაგნიტუდა 4.9 იყო. 4.9 საშუალო კლასის მიწისძვრებში გადის. საკმაოდ კარგად შეიგრძნობდნენ ეპიცენტრის სიახლოვეს, თუმცა იქ დასახლება არ არის ისეთი, რომ ნგრევა ან რამე ასეთი გამოეწვია. შესაძლებელია, ამ მიწისძვრას მოჰყვეს უფრო მცირე ბიძგები, მაგრამ ეს სავარაუდოა, თანაც უფრო მცირე იქნება. საფრთხის შემცველი აღარ უნდა იყოს. თბილისში სავარაუდოდ კარგად შეიგრძნობდნენ მიწისძვრას. ნგრევა დედაქალაქში გამორიცხულია, არ უნდა გამოეწვია“, – განაცხადა სეისმოლოგმა მანანა ძმანაშვილმა.
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 01:43 საათზე დაფიქსირდა.