გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნაცვლად 500-ადამიანი კვოტისა, რომლებიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე შეძლებდნენ დასაქმებას, 2021 წელს 5000 ადამიანის კვოტა დაწესდა.
“ქართული მხარის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კვოტა გაფართოვდა. 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ გერმანული მხარე სურვილს გამოთქვამს, “მესამე ქვეყნებთან დამატებით ითანამშრომლონ, რათა უფრო მაღალი კვოტები დააწესონ”.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა.
სააგენტოს განცხადებითვე, დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება.
აპრილის თვეში საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებდა, რომ აპრილში გერმანიაში, სავარაუდოდ, 65-მდე ადამიანი გაემგზავრებოდა.