ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია და ამ დროისთვის ცალკეული კერების წერტილოვანი დამუშავება მიმდინარეობს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყას მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სოფელში უმოკლეს დროში გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.