ამ დღეებში საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება მეოთხე ვაქცინით, ჩინური Sinovac-ით. ჩინეთმა ამ ვაქცინის 100 000 დოზა მიაწოდა საქართველოს, ამ ვაქცინით 100 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, როგორც ჩინეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. ახალი პრეპარატის თვისებებსა და გვერდით მოვლენებზე Jnews-ს ესაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
– საქართველოში მალე Sinovac-ის ვაქცინით დაიწყება აცრა, რა მახასიათებლები და გვერდითი მოვლენები აქვს?
Sinovac -არის COVID-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა. ის ამცირებს კორონავირუსის დაავადებას, ჰოსპიტალიზაციისა და ამ საშინელი დაავადების ლეტალურ შემთხვევებს. ვაქცინების წარმოების ტექნოლოგია დიდი ხანია ცნობილია, ეს იგივე ტექნოლოგიაა, როგორც ცნობილი ვაქცინების შემთხვევაში, მაგალითად, გრიპის. იგივე ტექნოლოგია გამოიყენება Sinopharm-ის წარმოების დროს. წარმოების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ამ ვაქცინას აქვს მაღალი ეფექტურობა, ასევე, ამ ვაქცინების გვერდითი მოვლენები ნაკლებია, ვიდრე სხვა ვაქცინების შემთხვევაში.
– რამდენი პროცენტია ვაქცინის ეფექტურობა ან დაცვა?
სხვადასხვა კვლევებით ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია, დაწყებული 76% -დან 85% -მდე. გამოდის, რომ ეს არის საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინა.
– როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება აიხსნას Sinopharm-ით მოსახლეობის ვაქცინაციის აქტივობა? ახალქალაქში ხომ ყველა ადგილი იყო დაჯავშნილი, მართალია არა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, არამედ სხვა რეგიონების თუ დედაქალაქის მცხოვრებლების მიერ?
ისინი ჩამოდიან იმიტომ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ჩანს ინტენსიურად არ რეგისტრირდება. მე ჯავახეთის ყველა მცხოვრებს მოვუწოდებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ვაქცინა დროულად გაიკეთონ, რადგან ეს ერთადერთი შანსია, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიხსნას, თავისუფლად შევძლოთ გადაადგილება ქვეყნის შიგნით, საზღვარგარეთ. იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა დროულად მიიღონ განათლება, რომ ყველამ შეძლოს მუშაობა საკუთარ სამუშაო ადგილებზე, ან სადაც არ უნდა ავირჩიოთ ჩვენი სამუშაო ადგილი. ასევე, თავისუფალი ტურიზმისა და მოგზაურობისთვის. ჩვენი ახლობლების, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად.
– როგორ შეაფასებდით ვაქცინაციის საერთო აქტივობას ქვეყანაში?
ვფიქრობ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დროულად სურს ვაქცინის გაკეთება და საკუთარ თავში დარწმუნება, რომ თუნდაც მომავალში, ავად თუ გახდებიან, ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ იქნება.
– Sinopharma-ს პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებულია, რამდენი ხნით და რატომ?
დიახ, დროებით შეჩერებულია, მაგრამ Sinovac-ზე რეგისტრაცია მალე გაიხსნება. როგორც უკვე აღვნიშნე Sinopharm-ი და Sinovac-ი — ამ ვაქცინებს იგივე ეფექტი და უსაფრთხოება აქვთ. ამგვარად, ველოდებით, რომ სინოვაკზე აქტიურად დარეგისტრირდებიან.