საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულონ. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ეპიდემიასთან ბრძოლა არ უნდა გადაიზარდოს ქსენოფობიასა და აგრესიაში.

“ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, დღეისთვის, – იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, – საქართველოში, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს არ იძლევა  მოდუნდების საფუძველს, ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველა შესაძლო სცენარისთვის.

სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა მიიღო: პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ, გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა, პირველივე დღიდან ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა.

“საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.  ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი, – მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას”, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

იგი საზოგადოების ყველა ფენას მოუწოდებს პასუხისმგებლობა კოლექტიურად აიღონ და გაინაწილონ. მისივე თქმით, თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელია ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.

“ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში, ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა ასევე მიმართა მედიასაშუალებებს და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მედიას ეკისრება პასუხისმგებლობა, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის მოქალაქეებს ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე მიაწოდოს.

“საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება”, – აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმებიც არსებობს.

“მჯერა, რომ, როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.