მე განვაცხადე, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებიდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლებული იქნებოდნენ პოლიტპატიმრები. დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა თავისუფლები არიან. მათმა თავისუფლებამ შექმნა იმის პირობები, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, არა მხოლოდ მე, უკვე სრულფასოვნად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
„როდესაც მე ევროპული საქართველოდან წამოვედი, განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი ახლო მომავალში არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არც ერთ ფრაქციაში. მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე ვიქნები. მექნება თანამშრომლობა, როგორც „ლელოსთან“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში და ფრაქციაში გაწევრიანებას, გავაგრძელებ მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი. უფრო მეტიც, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე ასევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენებ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობებზე, დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც მუშაობას გავაგრძელებ, როგორც რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო, რიგითი დამოუკიდებელი პარლამენტარი“, – განაცხადა ბაქრაძემ.