მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომდღეს დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნული ფირმების დახმარების პროგრამების გაფართოებითა და გაძლიერებით, ასევე საქართველოს ეკონომიკის დიგიტალიზაციის წახალისებით.

„დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით, მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში.

„გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, პროექტის მიზანია, ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ – COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოშის“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოშის“ დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.

„მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს წარმოადგენს კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის გაძლიერების წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა და 85 მლნ. ევროს განაწილება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პოსტპანდემიურ პირობებში, ფასდაუდებელია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადასახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS)ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგალითად ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით.

„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დანერგილი მყისიერი გადახდების სისტემა ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე მყისიერ ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებელს გახდის ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას და საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. ასევე, საფინანსო ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ფირმებზე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური დახმარების შემუშავებას და მიწოდებას ფირმებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირების მიზნით, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით. აქცენტი გაკეთდება ძირითადი უნარების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც საჭიროა დიგიტალიზაციის და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე“ ეკონომიკაზე. ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ.