ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “კომენდანტის საათის” მოხსნის წინადადებას დააყენებს იმ შემთხვევაში, თუ პირაბდის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 95%-მდე გაიზრდება.
“კოეფიციენტს დღესდღეობით ვერ დავასახელებთ, ვინაიდან აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს. მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო და ვთვლი, რომ არის სრულიად უსაფრთხო, ეს არის პირბადე. თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას 95%-მდე ავიყვანთ, ეს მოგვცემს გარანტიებს, რომ უახლოეს მომავალში საბჭომ, ჩემი ინიციატივით, დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ “კომენდანტის საათი” რაც შეიძლება ადრე მოვხსნათ. თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები — თქვენ გეხერხებათ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია — ჩვენ დაგეხმარებით თქვენ თავისუფლების აღდგენაში”, — მიმართა ტიკარაძემ “გირჩის” ლიდერ იაგო ხვიჩიას 28 აპრილს.
საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ია – IHME-ს მოდელირება
ამ დროისთვის საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 76 პროცენტია. ეს მონაცემი ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს.
უახლესი “დაკვირვების” შედეგად მიღებული მონაცემი, რომელიც ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირებაშია ნაჩვენები, 2021 წლის 15 აპრილით თარიღდება. ამ დღეს, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში ნიღაბს მოსახლეობის 76 პროცენტი ატარებდა.
15 აპრილის შემდეგ, “არსებული პროექციის” მოდელის თანახმად, ნარჩუნდება უკვე არსებული ტენდენცია და მოსახლეობის იგივე ნაწილი ატარებს პირბადეს.
შედარებისთვის, მოდელირების მიხედვით, ქვეყანაში 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ნიღაბს მოსახლეობის მხოლოდ 45% ატარებდა.
აღნიშნული მოდელირების მიხედვით, მსოფლიოში ნიღბების ტარების საშუალო მონაცემი, ამჟამად 65 პროცენტია.
ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ნიღბების ტარება საქართველოში 95 პროცენტს მიაღწევდა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ვირუსის მსგავსი გავრცელების პირობებში, აგვისტოს ბოლოსთვის [31 აგვისტო] დღეში 0.17-დან 2.29 გარდაცვლილამდე იქნებოდა.