გაურკვეველია როდის დაიწყება ვაქცინაცია ახალქალაქში
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში სულ უფრო და უფრო სწრაფი და აქტუალური ხდება. სამცხე-ჯავახეთში მარტის შუა რიცხვებში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების შემდეგ ყინული დაიძრა. თუმცა, პროცესი გააქტიურდა ახალციხეში და ბორჯომში. ამასთან, ახალქალაქში ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი, ამ დროისთვის ვაქცინაციისთვის არცერთი დარეგისტრირებული პირი არ არის.
ახალქალაქში ვაქცინაციის დაწყების პროცესის მხოლოდ ერთი მცდელობა იყო, 17 მარტს, თუმცა იმის გამო, რომ დარეგისტრირებული იყო მხოლოდ 7 ადამიანი, ამპულა არ გაიხსნა და ვაქცინაცია არ ჩატარდა. ამის შემდეგ არც ერთი რეგისტრირებული არ არის. AstraZeneca ვაქცინის 300 დოზიდან 290 უკან დააბრუნეს, მხოლოდ ერთი ამპულა დარჩა 10 დოზის ვაქცინებით.
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი ახალქალაქის მცხოვრების ვაქცინაციის შემთხვევა . 17 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიოზ ლომსაძე ქუთაისში აიცრა. ის ქუთაისში წავიდა, რადგან Pfizer ვაქცინით სურდა ვაქცინაცია და ეს ვაქცინა მხოლოდ ქუთაისის კლინიკაში იყო.
Pfizer ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ბათუმის ერთ კლინიკაში, ქუთაისის ერთ კლინიკაში და თბილისის ოთხ კლინიკაში. Pfizer-ი ახალქალაქში არ ჩამოიტანეს. 21 აპრილიდან რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინის მეორე დოზაზე.
AstraZeneca ვაქცინის დაჯავშნა სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ახალციხეში და ახალქალაქშია შესაძლებელი. ამჟამად ახალციხეში (29 აპრილი, 17:15) შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ევექსის კლინიკაში 4, 8 და 11 მაისს. დარეგისტრირებულია 14 ადამიანი. ახალქალაქში ვაქცინაცია ტარდება მუნიციპალიტეტის ერთადერთ – “ევექსის” კლინიკაში. დღესდღეობით რეგისტრაცია ღიაა 1, 4, 8 და 11 მაისისთვის, მაგრამ არცერთი დარეგისტრირებული არ არის.
სინოფარმის ვაქცინის დოზაზე დარეგისტრირება შესაძლებელია სამცხე-ჯავახეთის ხუთ ქალაქში: ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი. რეგიონებიდან, მხოლოდ ნინოწმინდაშია შეუძლებელი ვაქცინაცია, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეუძლია დარეგისტრირდეს სხვა მუნიციპალიტეტებში, ან საქართველოს ნებისმიერ კლინიკაში.
ადიგენში სინოფარმის ვაქცინაციას აკეთებენ “ევექსის” კლინიკაში, სადაც მხოლოდ 1 ფიზიკური პირია დაჯავშნილი. ასპინძაშიც ვაქცინაცია ტარდება “ევექსის” კლინიკაში, სადაც 6 ადამიანმა გამოთქვა სურვილი. ახალქალაქშიც ვაქცინაცია ტარდება “ევექსის” კლინიკაში, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ არიან მსურველები.
მოქალაქეთა აქტივობა ასევე მაღალია ბორჯომში. იქ ვაქცინაცია ჩატარდება “ჯეო ჰოსპიტალში”. ამჟამად 46 დარეგისტრირდა პირველ დოზაზე.
როდის დაიწყება ვაქცინაცია ახალქალაქში ჯერ კიდევ უცნობია.
“მაშინ დაიწყება, როცა მსურველები იქნებიან. ახლა მსურველები არ არიან”, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ავეტ ტონაკანიანი.