„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია; შესაძლებელია მოიძებნოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი; რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური; როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის; შესაძლებელია, პოლიტიკაში ახალი თაობაც მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში“, – ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: ამნისტიის კანონთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის შუამავლობით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთზე:
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ევროკავშირის უპრეცედენტო ჩართულობა ვიხილეთ – ორჯერ საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი და ასევე, მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებდა ეს უპრეცედენტო ძალისხმევა/ჩართულობა და გარკვეულწილად, უკავშირდება თუ არა რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, ვგულისხმობ ყარაბაღს, იყო მოსაზრებები, რომ იქ დასავლეთმა გარკვეულწილად დააგვიანა რეაგირება.
ევროპარლამენტში, საქართველოს ყველა მეგობარი ნამდვილად ბედნიერია, რომ შარლ მიშელმა გადაწყვიტა მედიაცია მოლაპარაკებებში, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს. ეს კრიზისები რეგიონში ერთმანეთს არ უკავშირდება, რადგან ეს კრიზისები ძალიან განსხვავდება – სამხედრო მოქმედებები და ომი, რომელიც მოხდა ყარაბაღში, არის ერთი საკითხი და ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, რომ ამ მიმართულებით, პრევენცია მოეხდინა ან დახმარება გაეწია. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან, მხოლოდ ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას აქვთ ასეთი მტკიცე ურთიერთობები და რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია.
შეთანხმების შემდეგ პარლამენტში ოპოზიცია პირველად შევიდა, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოპოზიციამ, რამდენიმე პარტიის გამოკლებით, როგორ შეაფასებთ არსებულ დინამიკას და მიმდინარე მოლაპარაკებებს ამნისტიის კანონპროექტზე?
პირველ რიგში, იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში და ეს პრობლემა გადაიჭრება. მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ევროკავშირმა შესთავაზა მხარდაჭერა, როგორც ვიცი, ნიკა მელია დათანხმდა წინადადებას გირაოს გადახდის შესახებ და ეს კრიზისი გადაიჭრება.
ახლა, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, როგორ განვითარდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა მიზნის შესახებ, რომ 2024 წელს, ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე…
ეს შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია და საქართველოს სჭირდება ახალი მამოძრავებელი ძალა (DRIVE), არ იყოს მძევალი ერთი, ან სხვა პერსონალიების, არამედ შექმნას ახალი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერშიფით.
ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა 2024 წელს, წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ლიდერი იყოს დემოკრატიული რეფორმების, პარლამენტარიზმის; უარი თქვას წარსულ ტრადიციაზე პოლიტიკაში, მათ შორის ვგულისხმობ სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ – როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ამ მიზნებს მიაღწიონ საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ახალი თაობა მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში.
ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან, მათ ესმით ეს მიზნები, განაცხადეს, რომ არიან პროევროპელები და ევროატლანტიკური გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს მიზანი გააერთიანებთ პოლიტიკურ პარტიებს. მიუხედავად განსხვავებული ხედვისა მომავლის და ზოგიერთი შიდა საკითხის, ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური საკითხების ირგვლივ გაერთიანება საქართველოსთვის.
ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს, რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ან შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა ინიციატივა, რომელიც მაგალითად შეიძლება გულისხმობდეს სპეციალურ პარტნიორობას?
რა თქმა უნდა ეს რეალისტურია. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ რეალისტური გზები. შესაძლოა, აპლიკაციას მეორე დღეს არ მოსდევს წევრობა, თუმცა შესაძლებელია, გამოინახოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი. ახლა, ყველაფერი საქართველოს ხელშია, ყოველთვის ვამბობდი – ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, თქვენ გჭირდებათ ეს რეფორმები წევრობისთვის, ეს რეფორმები პირველ რიგში არის საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის. თუ შენ ატარებ რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გაქვს გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევა, ეს საქართველოსთვის და მისი განვითარებისთვის არის კარგი. ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირს, უამრავ ბენეფიტს იღებენ.
ჩვენ რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი; რეფორმების გატარება, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური. როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის.
რაც შეეხება უკრაინას, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეფასება – „არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება“, რეალურად არ მუშაობს და ხომ არ არის დრო NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების?
რუსეთის სამხედრო განლაგება უკრაინაში არ დასრულებულა. ამ დროისთვის, მათ შესაძლოა, განაცხადეს, რომ შეამცირეს ძალთა რაოდენობა, თუმცა ეს არ მომხდარა და მათ ოკუპირებული აქვთ ყირიმი, ისინი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. მაგრამ როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში ჯერ კიდევ თვლის – “არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება და ის დაგეხმარება“, მე ასე არ ვფიქრობ. შეცდომა იყო, როდესაც MAP-ი არ მისცეს საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში, 2008 წელს და ამან პროვოცირება მოახდინა რუსეთის, ემოქმედა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩათვალეს, რომ ეს NATO-ს სისუსტეა. ასე რომ, ამის საპირისპიროდ, პუტინი როგორც ოპორტუნისტი მოქმედებს. მე ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან უდიდესი პროვოკაცია, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მსგავსი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნაა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია პუტინისთვის, რომ იმოქმედოს.