დღეს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო (World Book and Copyright Day) დღე აღინიშნება.
საქართველოში აქცია სახელწოდებით -“აჩუქე წიგნი” ჩატარდა, ის ქვეყანაში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში არსებობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ აქციას და ახლობლებს წიგნი აჩუქონ.
”საქართველოში ეს დღე აღინიშნება, როგორც წიგნის ჩუქების დღე, რაც შესანიშნავი ინიციატივაა წიგნების პოპულარიზაციისა და განათლების მხრივ. წიგნი- ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს საჩუქრად გადავცეთ”, – წერს ჩხენკელი საკუთარ Facebook გვერდზე.
დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულია საქართველოსთვის. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 23 აპრილს თბილისი ოფიციალურად იწყებს “მსოფლიო წიგნის დედაქალაქის” უფლებამოსილების განხორციელებას. ქალაქი, რომელსაც მიენიჭა ეს საპატიო სტატუსი, ვალდებულია ხელი შეუწყოს წიგნების პოპულარიზაციას და სხვადასხვა თემატური ღონისძიებების ჩატარებას მთელი წლის განმავლობაში. დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და ბავშვთა პროექტის განხორციელება საქართველოს დედაქალაქში.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს იუნესკოს მიერ დაარსდა.
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს, იუნესკომ აღნიშნა, რომ წიგნები ცოდნის გავრცელების საუკეთესო გზა და “მისი შენარჩუნების ყველაზე საიმედო საშუალებაა”. დღის მიზანი- წიგნების გამოცემისა და გავრცელების წახალისება, ხალხის განათლებისა და მსოფლიო კულტურული ტრადიციების ღრმა გააზრების ხელშეწყობა.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე პირველად 1996 წლის 23 აპრილს აღინიშნა. თარიღის არჩევანი დაკავშირებულია იმასთან, რომ 1616 წლის 23 აპრილს სამი ცნობილი მწერალი გარდაიცვალა: მიგელ სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა. გარდა ამისა, 23 აპრილი არის ისეთი ავტორების დაბადების, ან გარდაცვალების დღე, როგორიცაა მორის დრუონი, ჰალდურ ქვილიან ლაქსესი, ხოსეპ პლა და მანუელ მეხია ვალეხო.
ამ დღის საპატივცემულოდ მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად წიგნების გამოფენა- ბაზრობები, კლასიკური ნაწარმოებების საჯარო კითხვა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება.