ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურიდან აცნობეს, ავიაკომპანია Wizz Air-მა, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.
მათი ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
„განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
თამარ არჩუაძის განცხადებით, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს.
,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ქუთაისის განახლებული აეროპორტით ვხვდებით. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა ოპერირება. პირველი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა ვილნიუსიდან შეასრულა, დღესვე ასევე შესრულდება რეისი ვარშავიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი აეროპორტის ტერმინალი განახლდა და ოთხჯერ გაფართოვდა. რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში ვიზეარი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ქუთაისისთვის სრულიად ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს. სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, განახლებულ ტერმინალში 18 სარეგისტრაციო დახლი მოეწყო, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მაირამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.
შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან“,-აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.