რესტორანი „ემიგრანტი“, რომელიც შაბათ-კვირის აკრძალვის მიუხედავად, მაინც მუშაობდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა. მოქმედი რეგულაციების მიუხედავად, ობიექტმა რამდენიმე მაგიდაზე ჯავშანი წინასწარ მიიღო და მოქალაქეებს უპრობლემოდ უმასპინძლა.
„შაბათ-კვირას ვმუშაობდით ჩვეულებრივად, მუშა მდგომარეობაში იყო რესტორანი და ამის გამო დაგვაჯარიმეს. შეზღუდვის შესახებ ვიცოდით, რეგულაციებს ვიცავთ, მაგრამ იყო რაღაც-რაღაცები, ანუ სტუმრები მივიღეთ“, – გვითხრა მენეჯერმა.
კითხვაზე – თუ აკრძალვის შესახებ იცოდნენ, რატომ მიიღეს სტუმრები, მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ეს უფროსის გადასაწყვეტია.
„რესტორანში დაჯდომის მსურველი ძალიან ბევრია, მიუხედავად შეზღუდვებისა. პატარა წვეულებები აქვთ, ათკაციანი მაგიდებია, დიდი სუფრები არა. მაგალითად ოჯახმა ისადილა და დაბადების დღე აღნიშნა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კვების ობიექტის დაჯარიმებას ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კვების ობიექტებს შაბათ-კვირას მუშაობა ეკრძალებათ.