საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ პლენარული სხდომების კვირა არ არის, საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 12:00 საათზე წარდგება.

„პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.