კორონავირუსის პარალელურად მსოფლიოში სხვადასხვა სიახლე გავრცელდა: სიმართლე და ჭორი, მითები და რეალური ისტორიები. ბევრი მათგანი მიზანმიმართულად ხალხის სამართვად შეიქმნა. ხალხმა დეზინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე და ერთმანეთში დაიწყო. ჯავახეთიც არ ჩამორჩა. კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ მითები სწორედ აქ გავრცელდა. Jnews-მა გადაწყვიტა მიჰყოლოდა ამ მითების კვალს და ზოგიერთი დეტალი გაერკვია.
Fake №1: ამგვარად, ერთ-ერთი დეზინფორმაცია, რომელიც ჯავახეთში გავრცელდა, იყო ის, რომ სოფელ ბავრაში გარდაცვლილი ადამიანის ნათესავებს სთხოვეს ეთქვათ, რომ მათი ნათესავი კორონავირუსით გარდაიცვალა…
Fact №1 სოფლის ცენტრში შეკრებილმა კაცებმა JNEWS-თან თქვეს, რომ მსგავსი რამ არ სმენიათ. მართალია, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა, მაგრამ იმის შესახებ, რომ თანხას მისცემენ – საუბარი არ ყოფილა. მაგრამ ყველას სმენია, რომ მთელ მსოფლიოში, კორონავირუსით დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ფულს უხდიან.
კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ, არც სახელმწიფოს და, არც დაინფიცირებულის ოჯახს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ფინანსური ინტერესი.
«თუ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ოჯახი სოციალურად დაუცველია, გამორიცხული არ არის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები დაეხმარონ, დანამდვილებით ვერ გეტყვით. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით უცხოეთიდან იღებს ფულს, მსგავსი არაფერი არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს».
Fake №2:შემდეგი მითი სოფელ ღადოლარზეა. ახალქალაქში ერთმანეთს უყვებიან, რომ კოვიდ-კლინიკებში ყველაფერი ისეა მიტოვებული, რომ ავადმყოფებს ყურადღებას არ აქცევენ, ღადოლარიდან მამაკაცის ნაცვლად სოფელში ქალის ცხედარი გადაასვენეს.
Fact №2:JNEWS-მა ღადოლარამდე მიაღწია. სოფლის სპეციალისტმა დაადასტურა, რომ სოფელში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა, მაგრამ გვამების არსევის შემთხვევა არ ყოფილა, რადგან ის თავად იმყოფებოდა თბილისში, რომ მათი სოფლის მცხოვრები გადაეყვანა და მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა.
Fake #3: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება. ყვებიან, რომ გარდაცვლილის ოჯახმა ჩაატარა ექსგუმაცია იმის დასამტკიცებლად, რომ მათი რძალი კორონავირუსისგან არ დაღუპულა.
Fact №3: ЈNEWS-ის ჟურნალისტები გარდაცვლილი ქალის სახლში მივიდნენ და ოჯახის წევრებს ესაუბრნენ. ისინი ექსგუმაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათი რძალი კორონავირუსით არ დაღუპულა.
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ანალოგიური ისტორიების გავრცელება დაიწყო და ამ ისტორიებმა დროთა განმავლობაში ინფექციის გავრცელებასთან და მასთან ბრძოლის მეთოდებთან დამოკიდებულებაში ახალი მიმართულება და შინაარსი შეიძინა.
Fake №4:წლის დასაწყისში (2021 წ) ახალქალაქის რაიონში გავრცელდა სიახლე, რომ საქართველოში შემოსვლისას, საზღვარზე, სავალდებულო ვაქცინაცია კეთდება და სოფელი კორხის ორ მედდას ამ გზით გაუკეთეს ვაქცინაცია. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კომაში ჩავარდა.
Fact №4:ეს ამბავი აბსოლუტური სიცრუეა, თავიდან ბოლომდე მოგონილია, რადგან საქართველომ ვაქცინა ამ ამბის გავრცელებიდან, რამდენიმე კვირის შემდეგ, 15 მარტს, მიიღო.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია, მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ტარდება, სადაც რეანიმაციის განყოფილება არსებობს. საზღვარზე ვაქცინაციის პუნქტის არსებობა სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ 13 მარტს, საქართველომ პირველად მიიღო ბრიტანულ-შვედური ვაქცინა AstraZeneca-ს 43 200 დოზა. 15 მარტს, ზოგიერთ კლინიკაში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო, ხოლო მთელ ქვეყანაში 17 მარტს. 25 მარტს ქვეყანაში შემოვიდა Pfizer-ის ვაქცინა, ამ პრეპარატით აცრები 30 მარტს დაიწყო. ამჟამად ვაქცინაცია უკეთდებათ სამედიცინო სფეროს მუშაკებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. პროცესს მალე 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები, პოლიციელები და სამხედრო პირები შეუერთდებიან. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მოქალაქეები დარეგისტრირდებიან, რატა ვაქცინა დაჯავშნონ.
მედია საშუალებების განვითარების ფონდი (MDF) მუდმივად იკვლევს გავრცელებულ მითებს. კორონავირუსის და ვაქცინების თაობაზე დეზინფორმაციას შესახებ კვლევის შედეგებს MDF-ის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი გვიზიარებს.
«ვრცელდება სხვადასხვა მითი, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება. თავდაპირველად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ეს ინფექცია ხელოვნურად შეიქმნა. ახლა, როდესაც ვაქცინა მზადაა, ჭორები გვერდითი მოვლენების შესახებ გავრცელდა, დადის ჭორები, რომ მასში არის ჩიპები, ისინი ჩიპს გაგვიკეთებენ და გვაკონტროლებენ, ამ ყველაფერში ბილ გეიტსია გარეული და, რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ფინანსურად ძლიერი ჯგუფები ამ ყველაფერში მონაწილეობას ცდილობენ, რადგან მათ ხალხის კონტროლი სჭირდებათ. ასეთი ჭორები უკავშირდება რელიგიურ თემატიკას, მაგალითად, ამბობენ, რომ ვაქცინა შეიცავს “ლუციფერინს”, რაც სამკურნალო საშუალებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ვაქცინაში არ გამოიყენება. მითების თანახმად, ეს ეშმაკ «ლუციფერთან» არის დაკავშირებული, ამ გზით ისინი საზოგადოების მართვას ცდილობენ», – ამბობს კინწურაშვილი.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ გავრცელებულ მითებს პოლიტიკური შინაარსიც აქვთ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ეს რუსეთს აწყობს, ისინი გამოდიან განცხადებებით, რომ მათ საზღვართან არ დაუშვებენ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას. ასეთ მითებს პოლიტიკური მოტივი აქვს. თუმცა, არსებობს მითები და საფრთხეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან. კინწურაშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა, რადგან ბუნებრივია, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ხალხი უფრო ფრთხილია და, ამიტომ მსგავსი ჭორები მითია, რადგან მათ არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ აქვთ.
«რელიგიური ლიდერების მხრიდან არსებობს ანტილიბერალური დისკურსი, რომლებსაც შიშები აქვთ და, რომლებიც ასევე ავრცელებენ, რომ ვაქცინაცია მსოფლიოში ახალი წესრიგის დასამყარებლად არის ერთგვარი კონტროლის მექანიზმი და ხშირად სასულიერო პირებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებს დევნიან, არის «კლიკ-ბაიტების» გვერდები, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელზე არიან ორიენტირებულნი, ისინი იყენებენ ერთსა და იმავე მეთოდებს. მაგრამ ყველა შემთხვევაში საბოლოო შედეგი იგივეა».
კინწურაშვილი ამბობს, რომ ვაქცინის შემადგენლობის შესახებ ცრუ ინფორმაციაც ვრცელდება. მაგალითად, Pfizer-ი და «მოდერნა» უფრო არატრადიციული ხერხით მზადდება, ხოლო Astrazeneca და რუსული Sputnik-ი ტრადიციული ხერხით. ამასთანავე, რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს, რომ Sputnik-მა მთავარ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, ამიტომ თითოეული კონკურენტის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც რუსულენოვან მედიაში აისახება. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ვაქცინებს “ასტრაზენეკასა” და “სპუტნიკს” შორის თანამშრომლობა თავიდანვე არსებობდა.
დეზინფორმაცია გავრცელდა კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს იყო ნივრით, ლიმონის წვენით და სხვა მსგავსი მეთოდებით მკურნალობა.
«ასეთი დეზინფორმაციის მიზანია ჯანდაცვის სისტემისადმი უნდობლობის გამოწვევა, გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვა, რაც ინფორმაციის ქაოსს ნიშნავს. როგორც ხშირად ხდება, დადგენილი წესების დაცვისაკენ მოწოდება განიხილება, როგორც ქმედება, რომელიც ტრადიციების დარღვევისაკენ არის მიმართული, მაგალითად, როდესაც საუბარი იყო აღდგომასთან დაკავშირებით ზიარების მიღების რიტუალის შეცვლაზე, რადგან ეს შესაძლოა საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის, ზოგიერთმა მღვდელმა ეს ქმედება მიიღო, როგორც რწმენის გამოცდა … ზოგი რესპირატორებს მონობის სიმბოლოდ თვლის».
სპეციალისტი, ასევე საუბრობს იმ ქმედებებზე, რომელთა დახმარებით შესაძლებელია, ამა თუ იმ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
«იმისათვის, რომ ამ მითებმა არ იმოქმედოს საზოგადოებაზე, სახელმწიფომ დროულად უნდა გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული შიშების შესახებ, რადგან ინფორმაციის ვაკუუმის შემთხვევაში, ეს შიშები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს რთული საკითხია, ამიტომ მთავრობამ, მედიამ, ჯანდაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რატომაც არა, სამღვდელოებამ უნდა ითანამშრომლოს ამ საკითხთან, რომ ერთი მხრივ, დაძლიონ ინფორმაციული ვაკუუმი და პასუხი გასცენ შიშებსა და დეზინფორმაციას, რომლებიც ხშირად მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში», – ასკვნის კინწურაშვილი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მითები, რომლებიც ხალხს ვაქცინაციისგან აშინებს, რეალურად მეტ პრობლემას უქმნის სახელმწიფოს და უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
«რაც შეეხება ვაქცინას, ის უსაფრთხოა, ვაქცინით მიღებული სარგებელი გართულებების საშიშროებას აჭარბებს. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერი წამალი, ვაქცინას აქვს გარკვეული რისკები და სხვადასხვა გვერდითი მოვლენები, მაგრამ არსებობს გვერდითი მოვლენების რისკი. ვაქცინა ხალხს იცავს გართულებებისგან, კორონავირუსისგან, ისევე, როგორც ჰოსპიტალიზაციისგან და, რა თქმა უნდა, იცავს ხალხს სიკვდილისგან. ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, რომელიც შეიძლება მილიონიდან ერთი იყოს. და ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა ახალციხეში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება იყოს ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით დღეში საშუალოდ 10 ადამიანი იღუპება, ამიტომ ვაქცინის სარგებელი ვაქცინის შესაძლო რისკებზე მეტია. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ, რადგან, თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი იქნება, კორონავირუსით დაავადება შეჩერდება».
გამყრელიძის თქმით, მითები ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვრცელდება, საჭიროა მოსახლეობისთვის უფრო სრულყოფილი და ზუსტი მონაცემების მიწოდება, უნდა აიხსნას ვაქცინების დადებითი მხარეები.
მითები უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე გადამოწმებული და დაფუძნებული ინფორმაცია. ძირითადად მითები აშინებს ხალხს. მათ არ აქვთ მისამართი, მითის კვალდაკვალ მთელი მსოფლიოს შემოვლა შეიძლება და იმავე ადგილზე დაბრუნება, წყაროს მიგნების გარეშე. უნდა დავფიქრდეთ, გადავამოწმოთ ინფორმაცია, სანამ შეგვეშინდება და ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.