გეოლოგების თქით, თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში ქედზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მიწა ჩამოინგრა. ვითარების ამსახველი სურათი გეოლოგმა, თეა გოდოლაძემ გამოაქვეყნა. როგორც ამას წინათ, მისმა კოლეგებმა გვაცნობეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მეწყერული მასა დინამიკაშია.
«მიწის მოძრაობა და დეფორმაცია თვალსაჩინო იყო, როგორც პირველ დღეს, ასევე ახლა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მაჩვენებელი არის მიწის დაშლა, რომელიც აღნიშნულ რაიონში ხდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება და ჯერ კიდევ დინამიკაშია. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ გაღრმავდა ვერტიკალურად, მთავარია, როგორ მოძრაობს ის ჰორიზონტალურად. ჰორიზონტალური გადაადგილების სიჩქარე დღე-ღამეში 5-დან 7 მილიმეტრამდე მერყეობს», – თქვა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის განყოფილების უფროსმა ლაშა სუხიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისში მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინათ შეიტყო. ერთ-ერთ ფორუმზე გაჩნდა დრონით გადაღებული კადრები, სადაც ლისის ტბის რაიონის ქედზე ღრმა ნაპრალი ჩანს. ამ სფეროს ექსპერტებმა განგაში ატეხეს და ტრაგედიის გარდაუვლობაზე დაიწყეს საუბარი. მერიამ გამოკვლევებისთვის გერმანიიდან ინჟინერ-გეოლოგები მოიწვია.