ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელმა, ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია «კავკასუს ონლაინი», რომლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე გადის, საბოლოოდ გადავიდა აზერბაიჯანული Neqsol Holding-ის მფლობელობაში.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა Digital Silk way-მა პროექტის რეალიზაცია დაიწყო, რომელიც ფაქტობრივად დიდი აბრეშუმის გზის ციფრულ ვერსიას წარმოადგენს. ამ პროექტის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო «კავკასუს ონლაინი»- პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს გარეშე პროექტის განხორციელება შეუძლებელია, მეორე რიგში, რადგან «კავკასუს ონლაინი» ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს ფლობს, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია ევროპიდან აზიაში ინტერნეტის ტრანზიტისთვის.
2019 წელს NEQSOL Holding-მა «კავკასუს ონლაინის» აქციების 49% შეიძინა, ხოლო ახლა დანარჩენი 51%-იც გამოისყიდა, ამგვარად შავიზღვისპირეთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ოფიციალური მფლობელი გახდა.
რა დაკარგა საქართველომ ამ შეთანხმებით და, რამდენად მისაღებია უცხო ქვეყნის ინვესტორებისთვის იმ ობიექტების გაყიდვა, რომელსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს – მათ შორის, მისი ფუნქციები რეგიონალური ციფრული ჰაბის თვალსაზრისით?
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიების ასოციაციის უფროსის, უჩა სეთურის თქმით, შეთანხმება ნეგატიურად აისახება, როგორც ინტერნეტის ტარიფებზე, ასევე, ჰაბის სახით საქართველოს როლზე.
«გარდა ამ ყველაფრისა, ჩვენ ინვესტორი გვყავს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას არღვევს და ყიდულობს კომპანიას, მიუხედავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან ცალსახა აკრძალვისა. საეჭვოა მან, ამის შემდეგ, ქვეყნის დანარჩენი კანონები გაითვალისწინოს. ამ შეთანხმებამდე Digital Silk Way-ს ჰქონდა პროექტი, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ იყო ინიცირებული და ცენტრალური პუნქტი თბილისი იყო, ახლა კი, მას შემდეგ, რაც «კავკასუს ონლაინი» აზერბაიჯანული კომპანიის ხელში გადავიდა, სიმძიმის ცენტრი ბაქოზე გადადის», – განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მონაცემთა ბაზა იქნება ბაქოში, სამუშაო ადგილებიც იქ შეიქმნება, სპეციალისტები იქ გაივლიან გადამზადებას და არა საქართველოში, ინვესტორების ინტერესები კონცენტრირებული იქნება აზერბაიჯანზე და არა საქართველოზე, შესაბამისად, ქვეყანა რეგიონალური ჰაბის როლს კარგავს.
კიბერუსაფრთხოების სფეროში ექსპერტის ზურაბ სვანიძის აზრით, ამ პროექტზე ბევრი რამ იყო მიმაგრებული – მონაცემთა ბაზის შექმნა, ახალი სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და ეს ყველაფერი ახლა დაკარგულია.
«რა ჰაბზეა საუბარი, თუკი ქვეყანა არ ფლობს ერთადერთ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც ინფრასტრუქტურის ცენტრალური ობიექტია? «კავკასუს ონლაინი» იყო სტრატეგიული ობიექტი, ახლა ის, მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მხრიდან აკრძალვისა, სხვა ქვეყნის მფლობელობაში გადავიდა. ერთადერთი, რაც კომისიას შეუძლია – ეს დაჯარიმებაა, მორჩა, მას მეტის უფლებამოსილება არ აქვს», – განაცხადა ზურაბ სვანიძემ.