პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტები აუცილებლად იქცევა კანონებად და მას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს, რადგან მათი ლეგიტიმური მიზანი ვენეციის კომისიის მხრიდან კითხვის ქვეშ არ დამდგარა.
როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკნონმდებლო ცვლილებების სულისკვეთება გაიზიარა და თქვა, რომ ის ოპოზიციური, თუ არაოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე უარს ამბობს, არ შეიძლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებას იღებდეს.
დეპუტატის მოსაზრებით, ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წუხს, როცა ოპოზიციური ჯგუფები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატის ათვისებაზე და ამით უარს ამბობენ დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობაზე, ირჩევენ გზას ქუჩისკენ.
„ვინაიდან, ვენეციის კომისიამ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის სულისკვეთება გაიზიარა და თქვა, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი უარს ამბობს ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე, ლეგიტიმურია დაფინანსების კომპონენტში შეიზღუდოს, ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან და რომლითაც დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები.
თქვენ ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერსად ნახავთ ფრაზას, რომ კანონპროექტები კანონად არ უნდა იქცეს. ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ კანონპროექტების გადამუშავება მიზანშეწონილია, რაზეც ვთანხმდებით, რადგან პროექტები ვენეციის კომისიაში იმიტომ გაიგზავნა, რომ კომისიის პოზიციაზე გვემსჯელა და პროექტი დაგვეხვეწა.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის მხრიდან „პროპორციულობაზე“ საუბარს, ეს ხდება იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვას ეხება. კომისია ამბობს არა იმას, რომ ასეთი ნორმის მიღება არ შეიძლება, არამედ უთითებს, რომ თუ ასეთ ნორმას მივიღებთ, ის პროპორციული ღონისძიებებით უნდა იყოს გამოყენებული“, – დასძინა ოხანაშვილმა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს.