1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების მფლობელები დაჯარიმდებიან. მძღოლებს, რომლებიც ავტომობილის ამ ნომრებს რეგისტრაციის გარეშე გამოიყენებენ 250 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო ავტომობილს საჯარიმო მოედანზე გადაიყვანენ.
ძველი სანომრე ნიშნების გამოცვლის ბოლო ვადა — 2021 წლის 31 მარტი.
როგორც JNEWS-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, თუკი 31 მარტის შემდეგ ავტომობილზე ძველი სანომრე ნიშანი იქნება, მასზე მოძრაობა აკრძალული იქნება. ძველი სანომრე ნიშნების გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს. ავტომანქანის გარეშე დარჩენილ მძღოლს შეუძლია სერვისცენტრში მისვლა, ძველი სანომრე ნიშნის ჩაბარება და ახლის აღება. ასევე მას შეუძლია ავტომანქანის სანომრე ნიშნის გამოცვლა ონლაინ, მობილური პროგრამის დახმარებით, შემდეგ სერვისცენტრიდან აღება.
თუკი 1-ლ აპრილამდე ძველი სანომრე ნიშნები ახლით არ ჩანაცვლდება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს დააჯარიმებენ.
2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანომრე ნიშნების გაცემა ახალი დიზაინით დაიწყო.
სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში – საქართველოს სახელმწიფო დროშა, ქვედა მარცხენა კუთხეში – ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). სანომრე ნიშნის დაცვისთვის გამოყენებულია ანტიფროდი – სახელმწიფო გერბის ჰოლოგრამა, ის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში ასევე გამოიყენება დაცვის სხვა მექანიზმები. შეიცვალა ციფრების და ლათინური ასოების თანმიმდევრობა: ცენტრში სამი ციფრია, რიცხვების მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორ-ორი ასო მდებარეობს.