სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, შპს “მეეკისგან”, რომელსაც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები ფლობენ, საწვავს სხვა მომწოდებლების ფასთან შედარებით ძვირად ყიდულობდა.
კანონით, სახელმწიფო უწყებებმა საწვავი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უნდა შეისყიდონ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგური მუნიციპალიტეტთან 14 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, უწყებას უფლება აქვს საწვავი სხვა მომწოდებლისგან, შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ყველაზე დაბალი ფასის დადგენის შემდეგ უნდა შეისყიდოს.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ბაზრის კვლევის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, თუმცა უწყებაში აცხადებენ რომ ბაზრის კვლევა ხორციელდებოდა კომპანიების: შპს „მეეკის“, შპს „ვისოლ ჯგუფისა“ და შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურების მონაწილეობით, თუმცა აღნიშნული კომუნიკაცია სატელეფონო იყო, რის გამოც ამას დოკუმენტურად ვერ დაადასტურებენ.
“მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ავტოგასამართ სადგურებში საწვავის ფაქტობრივი ღირებულებების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა მოიპოვა შპს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული ერთი ლიტრი საწვავის ფასი, რომელიც შედარდა შპს „მეეკის“ და იმავე შპს „ვისოლ ჯგუფის“ ფასებთან, რომელთაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დოკუმენტურად წარადგენდა.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საწვავს ყიდულობდა იმაზე ძვირად, ვიდრე შპს „ვისოლ ჯგუფი“ ოფიციალურად და დოკუმენტურად დადასტურებულად სთავაზობდა სხვა მუნიციპალიტეტს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდირებული კომპანიების საწვავის ფასები ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც წესი, ერთნაირია, შპს „ვისოლ ჯგუფი“ ერთსა და იმავე პერიოდში მუნიციპალიტეტებს შესთავაზებდა საწვავის ერთნაირ ფასს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ დოკუმენტებში მუნიციპალიტეტი მიუთითებდა შპს „ვისოლ ჯგუფის“ გაზრდილ ფასებს და მოიპოვებდა ხელშეკრულების სხვა მიმწოდებელთან – შპს „მეეკთან“ გაფორმების ნებართვას” – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
გარდა ამისა, აუდიტორები განმარტავენ, რომ შპს „მეეკისგან“ საწვავს ასევე ყიდულობდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებიც, რომლებმაც საერთო ჯამში 2018 – 2019 წელს 261.6 ათასი ლარის ღირებულების საწვავი შეიძინეს.
ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის შესახებ, რომელიც ძვირი საწვავით 30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას ამარაგებს, “სამხრეთის კარიბჭე” 2019 წელს წერდა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ საკითხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
შპს „მეეკი“, რომლის მფლობელებიც ენზელ მკოიანის ძმა და შვილები არიან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შემწირველიცაა. 2017 წლის სექტემბერში, კომპანიამ 120 000 ლარი ჩაურიცხა მმართველ პარტიას. კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელმა მარტუნ მკოიანმა 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 60 000 ლარი შესწირა, ხუთი წლის შემდეგ კი 40 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ ჩაურიცხა.
ენზელ მკოიანი დეპუტატის მანდატს 1999–დან 2020 წლამდე ატარებდა. 1999 წლიდან 2008–მდე საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, 2008–დან 2012 წლამდე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო, 2012–დან 2020 მდე „ქართული ოცნებას” წარმოადგენდა.
2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, მმართველმა გუნდმა მკოიანის ნაცვლად, სამველ მანუკიანი დაასახელა. ამიტომ მკოიანმა მანდატისთვის ბრძოლა დამოუკიდებლად დაიწყო, თუმცა არჩევნებში დამარცხდა. ამის შემდეგ იგი “ქართულ ოცნებას” ზეწოლაში არაერთხელ ადანაშაულებდა.
წყარო: http://sknews.ge/