სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებაში, რომელსაც ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ევალება, კომპიუტერების და კულინარიის შემსწავლელი წრეები შესაბამისი ინვენტარის გარეშე ფუნქციონირებენ.
აუდიტის სამსახურის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებამ, 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან 112 ათასი ლარი მიიღო, ა(ა)იპ -ში ფუნქციონირებს სხვადასხვა მიმართულების შემსწავლელი 15 წრე.
“აღნიშნული წრეების სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი ინვენტარი, რასაც სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება არ ფლობს. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ფუნქციონირების ადგილი. გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ს არ გააჩნია კომპიუტერები და კულინარიის შესწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – სამზარეულოს ინვენტარის სახით. ამ წრეების შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაასაბუთეს რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო, დახარჯულ ფინანსურ რესურსთან მიმართებით”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების მართვის სხვა ხარვეზებზეც. კერძოდ, მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მართვისთვის შექმნილია ორი ა(ი)პი, რაშიც აუდიტორები დარღვევას ხედავენ.
“აღსანიშნავია, რომ ორივე იურიდიული პირი აღსაზრდელებს სთავაზობს ერთნაირ მომსახურებას – „წიწერნაკის“ სოფლის ბაღები და „ძნწაღიკის“ განძის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღის პირველ ნახევარში, ასევე, ბავშვები უზრუნველყოფილი არ არიან კვებით. აღნიშნული საქმიანობა თავისი მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შეუცვლელად, შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ორგანიზაციის მიერ. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ გახდა საჭირო სოფელ განძის საბავშვო ბაღისათვის ცალკე ა(ა)იპ-ის დაარსება და რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის ორი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. ასევე, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა” – აღნიშნულია დოკუმენტში.