ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა შეძლოს კომპლექსური და რთული საკითხებით დაკავება, მათზე კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მედიასთან დღის ბოლოს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ხვალ კიდევ იქნება პროგრესი.
“როცა კომპრომისებისკენ მიდიხარ, ამას დრო სჭირდება. ჩემი მოლოდინი ყოველთვის ეს იყო – ჩვენ ვმუშაობთ მანამ, ვიდრე მხარეები წინსვლის გზებს არ იპოვნიან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება პროგრესი. მხარეებს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, ყველა დაფიქრდეს კომპრომისებზე, იმისთვის, რომ მათ იმ გზების პოვნა შეძლონ, რომლითაც არსებულ პრობლემებს ჯეროვნად მოაგვარებენ”, – განაცხადა მან.
შემდეგ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციას შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა: „განსხვავებული კუთხით, წინ არ წავიწიეთ, მაგრამ მოლაპარაკება არ შეფერხდა“.
„კარგი ამბავია, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. რომ გითხრათ, რომ რაიმე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე არ არის, მაგრამ მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა… ის, რაც გუშინ საღამოს „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ მოლაპარაკება გრძელდება“, – ამბობს ვაშაძე ჟურნალისტებთან.
„მოლაპარაკება გაგრძელდება, ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისისთვის. დოკუმენტის შინაარსზე ღიად ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა ამომრჩეველს პირდაპირ ვუთხრა, რომ ვიცავთ იმ პოზიციას, რისი მანდატიც თქვენგან გვაქვს და ძირითად საკითხებს ყველანაირად დავიცავთ“, – აცხადებს ვაშაძე.
ვაშაძე ასევე დასძენს, რომ შეთანხმების სამუშაო დოკუმენტის შინაარსზე ღიად ვერ ისაუბრებს, თუმცა ბევრი საკითხია, რომელზეც ორივე მხრიდან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
„დოკუმენტზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის არც ოპოზიციისა და არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების – ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ეთანხმება ამერიკის მხარე. ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და შესაძლოა, მეორე მხარესაც ჰქონდეს“, – ამატებს ის.
კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღის გახანგრძლივების შესახებ.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ყველა მხარე ძალიან ჩართული იყო პროცესში. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ”, – განაცხად დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ გუშნ უკვე შეძლებდა განეცხადებინა საკითხის გადაწყვეტის შესახებ, თუმცა ამას მეტი დრო დასჭირდა.
“მიზეზი, პრეზიდენტმა მიშელმა რატომ აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას სჯერა საქართველოს მნიშვნელობის ევროკავშირისთვის. ამ გზაზე გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ზუსტად ამიტომ ვდებთ ამდენ ძალისხმევას მხარეების დასახმარებლად. ახლა ცოტა უნდა დავიძინო და ველოდები ხვალ თქვენთან შეხვედრას”, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.