კარენ გრკიკიანი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშტიადან არის. ის უკვე 10 წელია სომხურ ჯარში მსახურობს. კარენი ყარაბაღის ოთხდღიანი და 44-დღიანი ომების მონაწილეა.
სკოლის დამთავრების შემდეგ კარენმა ყოყმანის გარეშე, ვაზგენ სარგსიანის სახელობის ერევნის ინსტიტუტი აირჩია, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შედარებით მას მიანიჭა უპირატესობა.
ჩვენი გმირი სამშობლოსთვის მსახურებას, ომის დროს სამშობლოსთვის ბრძოლას თითოეული სომეხის ვალად თვლის.
«ომი დასრულებული არ არის, ის არც დაწყებულა, ეს ომი მუდამ იყო, მუდამ არის შიში და შფოთი. თუკი თავს სომეხად თვლით, საჭიროა წასვლა, არ აქვს მნიშვნელობა, სამხედრო პირი ხარ თუ ჩვეულებრივი სოფლის მცხოვრები»,- ამბობს ის.
ომის დასაწყისში კარენ გრკიკიანი ჯაბრაილში იმყოფებოდა, შემდეგ ბრძოლა გადრუტში გაგრძელდა, შუშის შემოგარენს მიაღწია. კარენი სამხედროებს განსაკუთრებული თავშეკავებით ეპყრობა, ის ომის, მისი მსახურების ან ჩადენილი გმირობის შესახებ ნაკლებად საუბრობს.
«ომი მოსალოდნელი იყო, რადგან სიტუაციამ იმ დონემდე მიაღწია, საიდანღაც უნდა ამოეხეთქა. როცა ომი იწყება, სხვა რამეზე ფიქრი არ შეგიძლიათ, ჩვეულ ცხოვრებას წყდებით და სხვა ცხოვრებაში შედიხართ. ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ გაგვემარჯვა, მაგრამ, როცა ჯაბრაილიდან დავბრუნდით, მივხვდით, რომ მათ რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა», – ამბობს ის.
მეგობრებზე საუბრისას, კარენი ღრმად სუნთქავს და მიწაზე იყურება. მისი მეგობრების უმეტესობა ამ ომში დაიღუპა.
«ჩემი მეგობრების 90% დაიღუპა, რასაკვირველია ომში მსხვერპლი გარდაუვალია, ნებისმიერ ომში არაფერი კარგი არ არის. როცა გესმის, რომ შენი მეგობარი, ან ჯარისკაცი დაიღუპა, იმ მომენტში ვერაფერს გრძნობ, რადგან იმდენად ხარ დაკავებული, რომ დრო არ გაქვს ფიქრისთვის, გრძნობებისთვის. მერე მათ უკმარისობას გრძნობ, როცა მისი ოჯახის წევრებს – მეუღლეს, შვილს და ა.შ. ხედავ აი, მაშინ გრძნობ დიდ ტკივილს», – ამბობს კარენი.
კარენი სიამაყით ყვება სომეხი ჯარისკაცების სიმამაცეზე, იმის შესახებ, როგორ იბრძოდნენ 18 წლის ბიჭები, მათ იერიშებზე, რასაც ომის დროს ყოყმანის გარეშე აკეთებდნენ, ეს მას, როგორც სიხარულის, ასევე სიამაყის შეგრძნებას უტოვებს.
«თუკი ჯარისკაცს ომი არ უნახავს, ის ვერ გაიაზრებს ამას. ჯარისკაცი კანონის დარღვევას ცდილობს, რომ არ იმსახუროს, მაგრამ ომის დროს ნებისმიერი ჯარისკაცი, გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად, დიდ ძალისხმევას დებს, ყველაფერს აკეთებს, აკეთებს შეუძლებელს. 18 წლის ჯარისკაცი დღეს მაღალ დონეზე იბრძოდა, 92-იანი წლების მებრძოლებზე კარგად იბრძოდა, არ გაიქცა, არ ეჭვობდა, ბოლომდე იბრძოდა, არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა», – ამბობს კარენ გრკიკიანი.
კარენმა ჯაბრაილში ექვსი წელი იცხოვრა, ამ დროის განმავლობაში ბევრი მეგობარი გაიჩინა, რომლებსაც დღემდე, მათი სიკვდილის შემდეგაც, ცოცხლად თვლის.
«ჩვენ ჯაბრაილში ასეთ ვითარებაში ვცხოვრობდით, მეგობრულ გარემოში, სადაც მსგავსს ვერაფერს ნახავ. მე ისეთი მეგობრები მყავდა, რომ არავისზე გავცვლი მათ, მართალია, ახლა ისინი აღარ არიან, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ჩემი მეგობრები არიან, ისინი შეუდარებლები არიან, ჩვენ ოთხი წელი ერთად ვცხოვრობდით, შემდეგ ექვსი წელი ერთ სახლში», – ყვება ის.
სამხედრო დისციპლინის თანახმად, მთელი ომის განმავლობაში მან სახლში განსახორციელებელი ზარების გრაფიკი შეადგინა, დილა – საღამოს რეკავდა. რომ არ დაერეკა, მისი ოჯახის წევრები, მისი თქმით, «მოკლავდნენ» .
«დროს ვნახულობდით და ვრეკავდით, ყველა ჯარისკაცს ჰქონდა დრო. ჩემთვის შვება იყო, რომ ჩემი ოჯახი შორს იყო, ეს წამიერი სიხარული იყო, ჩემთვის უბრალო ამბავი იყო ის, რომ შორს არიან. დედაჩემი მუდამ მეკითხებოდა, ვჭამე თუ არა, სად მძინავს, მუდამ ვეუბნებოდი, რომ მსახურებაზე კითხვები არ დასვას, თუმცა დედა, რამდენიმე კითხავს მაინც სვამდა», – სიცილით დასძენს კარენი.
კარენი ყოველ წამს, ნებისმიერ მომენტში მზად არის ბრძოლისთვის, რომ დაკარგული სამშობლო დაიბრუნოს. მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ თურქები არ შეცვლილან, ისინი ისეთივენი არიან, როგორც ძველად. ეს ერი არაფერს წარმოადგენს, ამიტომ სხვა ძალებს მიმართა.
«ამ ომში არაფერი კარგი არ მომხდარა, ახლა არ გვაქვს ის, რაც გაგვაჩნდა».
ომის დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, მხოლოდ ახლა მოახერხა მშობლიურ სოფელში დაბრუნება. კარენს ჯავახეთში დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ.
«იქ, სადაც ადამიანი დაიბადა და გაიზარდა, იმ მიწას ვერასდროს დაივიწყებს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვამაყობ, რომ დავიბადე ჯავახეთში და ვარ სომეხი. თუკი ადამიანს რცხვენია, ის არ აღიარებს, რომ სომეხია, ან დაბადების ადგილს ივიწყებს, ამ ადამიანს ყველაფრის დავიწყება შეუძლია»,- ამბობს კარენ გრკიკიანი.
კარენთან საუბრის დროს დედა ყურადღებით უსმენდა შვილის პასუხებს. მისი აღელვება იგრძნობოდა. მთელი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა, ისინი მას მხოლოდ ღვთის იმედით ელოდებოდნენ.
«დედისთვის ძალიან რთულია, ფეხზე მყარად ვერ დგახარ, როცა გესმის, რომ შენი შვილი ასეთ საშინელ და უთანასწორო ომშია. ის 2016 წლის აპრილის ომშიც მონაწილეობდა, ჩვენ, სიმართლე გითხრათ, ის ომი ჯერ ვერ «გადავხარშეთ», და ასეთი მძიმე ომი დაიწყო. მთელი მსოფლიო ყრუ და ბრმა გახდა, თითქოს არაფერი მომხდარა, სომეხი ერი სიბნელეში დარჩა, 44 დღე მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და სიჩუმეს ინარჩუნებდა. ამ უთანასწორო ომში მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ დავმარცხდით, სომეხი ერი ზესახელმწიფოს ებრძოდა, ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიცაა თურქეთი, პლუს რამდენიმე სახელმწიფო»,- ამბობს კარენის დედა, ლაურა გრკიკიანი.
გრკიკიანის დედა ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ ასეთი შვილი ჰყავს.
«როცა ყურმილს ვიღებდი, რომ დამერეკა, მთელი სხეულით ვკანკალებდი, მეგონა, დავრეკავ, ჩემი შვილი მიპასუხებს, ან სხვა, ზარი თუ არ გავა, ან ოდესმე გვიანი თუ იქნება. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაგრამ ვამბობდი, რომ სიხარულის ცრემლებია. მინდა, რომ ყველა ბავშვი სახლში დაბრუნდეს, რომ არც ერთმა დედამ შავები არ ჩაიცვას, არც ერთი მეუღლე და არც ერთი შვილი ობლად არ დარჩეს, რომ ყველა სიხარულისგან ტიროდეს, როგორც მე», – ამბობს ლაურა.
აპრილის ომის შემდეგ კარენი მედლით – «დრასტამატ კანაინი» დაჯილდოვდა.