ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება დედაქალაქშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს“, – აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ.