მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათის ვადა გახანგრძლივდება.
კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე გადაიწევს.
მისივე თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ჩამოეწერებათ საურავებიც.
„მინდა, გაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შეეხება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პირობებში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომელიც იყო ბოლო წლებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.