გადჯეტებზე მეტი დამოკიდებულება და ჩაკეტილობა, ბევრი სამუშაო მშობლებისთვის და ნაკლები ეფექტი ბავშვის სკოლამდელ განათლებაში, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ახალი რეალობა და «ლაიქი», რომელიც პატარებს თანატოლებთან თამაშზე მეტად აბედნიერებს. როგორ შეცვალა COVID-19-მა სკოლამდელი ასაკის ბავშვების ცხოვრება.
ვიქტორია, 6 წლის, დადის ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღში
ვიქტორიას ძალიან უყვარს ხატვა. ის ხატვას YouTube-ის არხზე სწავლობს, უყურებს პროგრამას «მამა ხატავს». ამიტომ ის ბევრ დროს ატარებს ტელეფონთან. მას უკვე აღარ ჰყოფნის მხოლოდ მშობლების შეფასება. მისთვის მნიშვნელოვანია «ლაიქების» მიღება»,- ვიქტორიას ნახატების ფოტოებს ბებია საკუთარ Instagram გვერდზე ტვირთავს.
ვიქტორიას ენატრება ბაღი და მისი დაქალები. ის ძალიან კომუნიკაბელურია. მას არ უყვარს მარტო თამაში. ბებია ხშირად სახლში მეზობლებისა და ნათესავების ბავშვებს ეპატიჟება, რომ ვიქტორია მათთან ერთად გაერთოს.
გოგონა ბებიასთან და დედასთან ერთად კეთილსინდისიერად ასრულებს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ყველა დავალებას. შემდეგ დავალებებს ინტერნეტით გზავნის და მოუთმენლად ელოდება რეაქციას, ან შეფასებას. თუმცა, ბებიას აზრით, რასაც საბავშვო ბაღი იძლევა, იმას ვერავინ მისცემს.
«იქ არის ურთიერთობა, თამაში, აღმზრდელის სწავლება სულ სხვაა, ისინი პროფესიონალები არიან. ამასთანავე ისინი იქ პრეტენზიულები არ არიან», – თქვა ვიქტორიას ბებიამ, კრისტინა კალაშიანმა.
2020 წლის მარტიდან ყველა საბავშვო ბაღი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ონლაინ-ბაღი ყველასთვის, მათ შორის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აღმზრდელებისთვის სიახლე იყო. შოკიდან გამოსვლის შემდეგ, ყველა აღმზრდელმა შეადგინა ბავშვებთან ურთიერთობის საკუთარი გეგმა. მათ სოციალურ ქსელებში, ან მესენჯერებში შექმნეს მშობლებთან ჯგუფები და ასე ჰქონდათ ბავშვებთან ურთიერთობა. აღმზრდელები საშინაო დავალებას იძლეოდნენ: ლექსის სწავლა, ხატვა, ან თემის მიხედვით რაიმეს გამოძერწვა. მშობლები ვიდეოს, ან ფოტოს სახით უგზავნიდნენ აღმზრდელებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების კონსულტანტი ნინო პროიძე ამბობს, რომ ისინი მომხრენი არიან, რომ საბავშვო ბაღებმა პანდემიის პერიოდში ბავშვების განვითარების ონლაინ ხელშეწყობა განაგრძონ, მაგრამ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.
«სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დისტანციური განათლება, მხოლოდ ონლაინ შეხვედრას არ ნიშნავს, სკოლამდელ ასაკში დისტანციური განათლება უფრო მეტს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა აღმზრდელთან ითანამშრომლოს, მშობლებთან სამუშაო-ჯგუფები, მესენჯერ-ჯგუფები, ინტერნეტ ჯგუფები შეიქმნას. საჭიროა პროგრამის დაბალანსება, რომ კომპიუტერთან მხოლოდ ერთი დღე ისხდნენ. გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდიკა»,- ამბობს ნინო პროიძე.
სირუშიკ ალევორიანი სოფელ ხანდოდან 5 წლის გოგონას მშობელი, ის დიასახლისია, თუმცა თვლის, რომ მშობელმა, როგორც არ უნდა დაუთმოს დრო ბავშვის განათლებას, ეს არ არის საკმარისი.
«საბავშვო ბაღებში ბავშვებით აღმზრდელები კავდებიან, მათ უკეთესად იციან, ეს როგორ გააკეთონ, ხოლო ჩვენ მუდამ არ შეგვიძლია დავკავდეთ, როცა მათ უნდათ. სახლში დარჩენით ისინი უკვე ბევრ რამეს ჩამორჩნენ, რაც საბავშვო ბაღებში ისწავლეს»,- ამბობს ახალგაზრდა დედა.
განათლებით ფსიქოლოგი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდისტი ზარუი ზადოიანი ამბობს, რომ საბავშვო ბაღები არა მხოლოდ განათლებას აძლევენ ბავშვებს, არამედ სოციალურ უნარებს უყალიბებენ.
«საბავშვო ბაღში ბავშვებს ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა, სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას, კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლას, ამაში მათ აღმზრდელები ეხმარებიან, სახლის პირობებში ეს არ არის»,- განმარტავს ზარუი ზადოიანი.
6 წლის ჯემა ბაღში დადის, მისი დედა აქსანა ეგოიანი აღმზრდელია სოფელ ხადოს ალტერნატიულ საბავშვო ბაღში. ჯემა ძალიან კომუნიკაბელურია და მაშინვე შედის კონტაქტში. თუმცა, ადრე ასე არ იყო.
«საბავშვო ბაღის როლი დიდია. ჩემი შვილი ძალიან ჩაკეტილი იყო, უცხო ხალხის რცხვენოდა, თუკი სახლში სტუმრები იყვნენ, არ შემოდიოდა, სანამ ყველა არ წავიდოდა. საბავშვო ბაღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა»,- ამბობს ჯემას დედა.
იმისთვის, რომ ბავშვი ისევ არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, აქსანა ეგოიანი მუდამ მეზობლების და ნათესავების ბავშვებს სახლში ეპატიჟება, რომ ჯემა ბავშვებთან ურთიერთობას არ მოწყდეს.
ერთი მხრივ, მშობლები უკმაყოფილონი არიან, რომ ბავშვები იძულებულნი არიან სახლში დარჩნენ, ხოლო მეორე მხრივ, აღმზრდელები ონლაინ სწავლების ეფექტს ვერ გრძნობენ.
ასია ზედგინიძე №1 საბავშვო ბაღში პატარების ჯგუფის აღმზრდელად მუშაობს. ასია ონლაინ გაკვეთილებს ატარებდა და კმაყოფილია, რომ ბავშვები დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ თვლის, რომ ეფექტი ბევრად დაბალია.
«ბავშვებთან ურთიერთობისას უშუალოდ ხედავ, როგორ მუშაობენ, შედეგს ხედავ, ეხმარები მაშინ, როცა საჭიროა. ხოლო სახლში, საშინაო დავალებებში მშობლების მონაწილეობა იგრძნობა, მაშინვე ეტყობა, რომ უფრო მეტს მშობლები მუშაობდნენ»,- ამბობს ასია ზედგინიძე.
პანდემიამ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს საქმე დაუმატა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება ახალ გამოწვევებთან პირისპირ აღმოჩნდა. არ იყო, არც ტრენინგი, არც რეკომენდაციები. გაერთიანების მეთოდისტმა აღმზრდელებთან ერთად ბავშვების სწავლების მოქნილი გეგმა შეიმუშავა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები გადჯეტებთან დიდხანს არ დარჩნენ. ყველა შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის მოძიებას ცდილობდა.
საბავშვო ბაღების სპეცპედაგოგმა, სედა მარანგოზიანმა საკუთარი ინიციატივით ბავშვებისათვის შემსწავლელი და განმავითარებელი ვიდეოჩანაწერების გადაღება დაიწყო. იმისათვის, რომ ორ-სამწუთიანი ვიდეო გადაეღო, სედა ორი დღე ემზადებოდა.
საჭირო იყო საფუძვლიანად მომზადება, რომ მოკლედ და ხელმისაწვდომად გადამეცა. თამაშებით ვიდეოების დადება შევთავაზე ჩვენს მეთოდისტს, მან დაადასტურა და გავაკეთეთ. შემდეგ ამას სხვა აღმზრდელებისგან მოვითხოვდით. მგონია, რომ ვიდეოს საშუალებით უფრო მეტი ეფექტის მიღება შეიძლება, ვიდრე უბრალოდ დავალებით»,- ამბობს სკოლამდელი განათლების სპეცპედაგოგი, სედა მარანგოზიანი.
ის თვლის, რომ სირთულეები იყო, მაგრამ მათი გადალახვა მოხერხდა, თუმცა მაინც უშუალო კონტაქტი აღმზრდელსა და ბავშვს შორის არ იყო საკმარისი.
«ის, რასაც ჩვენ საბავშვო ბაღში პირდაპირ ვეუბნებოდით ბავშვს, ამის ახსნა საჭირო იყო უკვე ონლაინ. ის, რის გადაცემაც მინდოდა ბავშვებისთვის, პირველ რიგში, მშობლები აღიქვამდნენ, შემდეგ გადასცემდნენ ბავშვებს»…
როცა ბავშვები ერთად იკრიბებიან, მათ სათამაშოები აინტერესებთ
ფსიქოლოგი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდისტი ზარინე ზადოაინი ამბობს, რომ სკოლამდელი განათლება და აღზრდა ბავშვისთვის ფუნდამენტურია.
«საბავშვო ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაბელური უნარების განვითარება. თუკი ასეთი სწავლება (ონლაინ) დიდხანს გაგრძელდება, ბავშვები შეიძლება ჩაიკეტონ, მაგრამ ვფიქრობ, დიდხანს არ გაგრძელდება»,- ამბობს ზარუი ზაოდიანი.
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების კონსულტანტი, ნინო პროიძე ამბობს, რომ საქართველოში დადასტურებულია, რომ ის ბავშვები, რომლებიც სკოლამდელ განათლებას საბავშვო ბაღში ეუფლებიან, შესაძლებლობებით სხვებისგან გამოირჩევიან.
«საქართველოში ჩატარებულია ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოკვლევა, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ თუკი ბავშვი საბავშვო ბაღში დადის, შემდეგ უკეთესად სწავლობს. სახელმწიფო ბევრს ხარჯავს, რომ ბავშვების სკოლამდელი განათლება უზრუნველყოს. მთავარია, ჩვენ გვახსოვდეს, გავაკეთოთ ისე, რომ დისტანციური სწავლების გაგრძელების ჩვენმა გადაწყვეტილებამ, ან მცდელობამ უფრო მეტი ზიანი არ მოგვაყენოს, ვიდრე სარგებელი მოაქვს»,- ამბობს ნინო პროიძე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღში სიარულის შესაძლებლობა ყველა ბავშვს არ აქვს. JNEWS-ის შეფასებით, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი ასაკის ბავშვების 50%-ზე მეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან, დღესდღეობით, საბავშვო ბაღები მხოლოდ 9 სოფელში მოქმედებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 11 საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელთაგან 3 მდებარეობს ქალაქში, დანარჩენი 9 სოფლებში. ამ საგანმანათლებლო ცენტრებში 1100 ბავშვზე მეტი დადის. ონლაინ სწავლება საბავშვო ბაღებში, მხოლოდ ერთ პლატფორმაში არ მიმდინარეობდა. ყველა აღმზრდელი საკუთარი ონლაინ სწავლების შედეგს გაერთიანების მეთოდისტს უგზავნიდა.
ზარინე ზადოაინი მიიჩნევს, რომ სრულყოფილი აღზრდისთვის ბავშვის საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელია.
«მართალია ბავშვები სახლშიც სწავლობენ, მაგრამ საბავშვო ბაღები- ეს დიდი სოციალური ჯგუფია, იქ სულ სხვა კანონები მოქმედებს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ბავშვები მცირე ასაკიდან შევიდნენ სხვა სოციალურ საზოგადოებებში, ისინი იქ ისეთ უნარებს იძენენ, რომლებიც მომავალში გამოადგებათ»,- ამბობს ფსიქოლოგი.
სულდაში დიდი ხნის ნანატრი ბაღი გაიხსნება
წელს საბავშვო ბაღები გაიხსნება 4 სოფელში: კოჩიო, სულდა, პტენა, ხულგუმო. დაახლოებით კიდევ 200 ბავშვს ექნება მიიღებს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. კიდევ ორ სოფელში, კუმურდოში და გოგაშენში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან, იმედოვნებენ, რომ მალე ამის შესაძლებლობა ექნებათ. ხოლო იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, იმედოვნებენ, რომ სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები პირველ მარტს გაიხსნება. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში იმედოვნებენ და გახსნისთვის ემზადებიან…