„სიენენის“ სამოგზაურო პორტალი CNN travel იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს.
სტატიის თანახმად, ვაქცინირებული მოგზაურების მიღებას საქართველოსთან ერთად კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, რუმინეთი და სეიშელი იწყებენ.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახან გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას მიიღებს პისიარ-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარეშე საქართველოში საჰაერო გზით ჩასვლასა და მოგზაურობას შეძლებს.
არავაქცინირებულ მოგზაურებს კი, გარკვეული ქვეყნებიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარ-ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ შეეძლებათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით მოუწევთ კიდევ ერთხელ ტესტის გავლა“, – წერს CNN-ის ჟურნალისტი თამარა-ჰარდინჰენ-ჰილი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ის მოგზაურები, რომლებიც ბოლო 14 დღე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედია პლატფორმა CNN ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვიზიტორთათვის საჰაერო გზით ქვეყნის გახსნის შესახებ და სამოგზაურო პორტალზე CNN travel მილიონობით მკითხველს ინფორმაციას აწვდის თუ რა პირობით შეძლებენ ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას. როგორც იცით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოიხსნა შეზღუდვა ფრენებზე და საქართველო საჰაერო გზით უპირობოდ მასპინძლობს ყველა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული ნეგატიური „პისიარ“-ტესტის საფუძველზე.
CNN-თან ერთად საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ წერდა ბრიტანული გამოცემა Independent, სადაც საქართველო პირველ ქვეყნად დასახელდა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა.
„ასეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიების მომზადება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, პოზიციონირებას სხვადასხვა ქვეყანაში.
ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივყვებით გეგმას, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, საერთაშორისო მოგზაურების ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიღებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დადებითი მაჩვენებლის შენარჩუნებას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.