საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობის არარსებობის გამო, სოფელ სამსარის მოსახლეობამ ისევე, როგორც ჯავახეთის სხვა სოფლის მცხოვრებლებმა, საშუალო გამოთვლებით შარშან, თითოეულმა 20 ათასი ლარი დაკარგა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემოსავლის ძირითადი წყარო საზღვარგარეთ სამუშაო და სოფლის მეურნეობაა (მესაქონლეობა და მიწათმოქმედება). გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ 2019 წელს სოფელ პატარა სამსარის ეკონომიკურად აქტიური საზოგადოების 15,5% საზღვარგარეთ მუშაობდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, 59% სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, 22,5% შემოსავალს სხვა სექტორებიდან იღებდა (განათლება, ვაჭრობა, ჯანდაცვა), ხოლო 3% უმუშევარი იყო. 2020 წელს ეპიდემიის გამო, ემიგრაციის დონე 1%-მდე შემცირდა. სხვა სფეროებში მომუშავე ხალხი, უმუშევრობის მიზეზით, სოფლის მეურნეობით დაკავდა, ამიტომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების რაოდენობა 81%-მდე გაიზარდა.
საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობის არქონის გამო ხალხმა შემოსავლის სხვა წყაროების ძებნა დაიწყო, რომელთა შორის, უფრო ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობა იყო.
ოგანეს ხაჩატრიანი სოფლის ეკონომიკური აქტიური საზოგადოების 15,5%-ში შედის. 2019 წელს, რუსეთში მუშაობით მისმა შემოსავალმა დაახლოებით 30 000 ლარი შეადგინა, 2020 წელს მან თითქმის იგივე ფინანსური დანაკარგი განიცადა.
” შარშან, «ხოფანიდან» 30 000 ლარის შემოსავალი გვქონდა, წელს – 30 000 ლარის მინუსი. იმისთვის, რომ როგორმე სიტუაციას შევეწყოთ, გადავწყვიტე სოფლის მეურნეობით დავკავდე, კერძოდ მიწათმოქმედებით”, – ყვება სოფელ სამსარის 40 წლის მცხოვრები.
მან დაბალპროცენტიანი სასოფლო-სამეურნეო კრედიტი აიღო და 27 000 ლარის ღირებულების ახალი ტრაქტორი იყიდა, მაგრამ შედეგმა მინიმალური მოლოდინიც ვერ გაამართლა.
“მე 2 ჰექტარი კარტოფილი დავთესე, ვიმედოვნებ, რომ ჩემი შემოსავალი კრედიტის დასაფარად საკმარისი იქნება, მაგრამ კარტოფილის ფასი ძალიან დაბალია. ასეთი ფასების პირობებში სოფლის მეურნეობიდან საკმარისი შემოსავლის მიღება შეუძლებელია. მარტში კრედიტის ერთი ნაწილი უნდა დავფარო, რომელიც 9000 ლარს შეადგენს, მიღებული მოგება კრედიტის დასაფარად საკმარისი არ არის. ერთი სიტყვით, გამოდის, რომ ტრაქტორი ვიყიდე, რათა სოფელში დავრჩე, მაგრამ ბანკში კრედიტი საზღვარგარეთ მუშაობით უნდა დავფარო”, – ამბობს ოვანეს ხაჩატრიანი.
ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობის დანახარჯი 2019 წელთან შედარებით გაიზარდა, ხოლო მარტო სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი საკმარისი არ არის. 2019 წლის მონაცემებით, სოფელ პატარა სამსარში ყველა ოჯახს წელიწადში საშუალოდ 3 580 ლარის დანაზოგის შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო 2020 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თითოეული ოჯახის მიერ გაწეული ეკონომია მინუს 5 372 ლარია. ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების გაანალიზებით შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ 2020 წელს სოფელ სამსარში მოსახლეობის კეთილდღეობის დონე ძალიან დაეცა, ხოლო დანახარჯი შემოსავალს აღემატება.
სოფელში დარჩენით და მხოლოდ სოფლის მეურნეობით, ხალხის ნაწილს მხოლოდ არსებობა შეუძლია, კეთილმოწყობილ ცხოვრებაზე არც არის საუბარი.