ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში ხალხი უფულობის პრობლემის წინაშე დადგა, რადგან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხეს. ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზება ვერ შეძლეს.
სოფელ აგანაში დაახლოებით 125 ოჯახი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო აქ სოფლის მეურნეობაა. წელს სოფლის მოსახლეობას პრობლემებს ისიც დაემატა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ მოახერხეს წასვლა. სოფლის მოსახლეობა ძირითადად რუსეთში დადიოდა. მათი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოები შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.
“ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა კარტოფილის რეალიზებაა. სოფელში არ დგას ნაგვის ურნები, ცენტრალური გზა ბოლომდე არ არის განათებული, და ა.შ”,- ამბობს სოფლის მცხოვრები, არტავაზდ სტეფანიანი.
სოფლის სხვა მცხოვრების, ლიოვა არუთუნიანის თქმით, დღეს ყველასთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად ფულის შოვნა ითვლება. სახელმწიფოს მხრიდან კი არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ.
“ბევრი მცხოვრებისთვის საზღვარგარეთ მუშაობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სოფელში სამუშაოები არ არის. აქ ანაზღაურებას მხოლოდ მასწავლებლებს აქვთ და პენსიონერები ღებულობენ პენსიას, დანარჩენები სამუშაოსა და ფულის გარეშე არიან”,- ჰყვება ლიოვა არუთუნიანი.
რადგან ოჯახების მთავარი პრობლემა ოჯახების რჩენა გახდა, ისინი ყურადღებას აღარ აქცევენ და ადგილობრივ ხელისუფლებას არ სთხოვენ დასუფთავების პრობლემისა და სხვა საკითხების მოგვარებას, რომლებიც სოფლისათვის მნიშვნელოვანია.
“გასულ წელს დათესილი კარტოფილი ვერაფრით ვერ გავყიდეთ, რადგან მყიდველი არ არის. თბილისში კი ძალიან იაფად იყიდება. სად ვიმუშაოთ, რომ ოჯახები ვარჩინოთ, თუკი სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ წასვლა არ შეგვიძლია?!”- აცხადებს არარატ ქეროფიანი.
სოფელ აგანაშის მერის წარმომადგენლის, არშალუის გალსტიანის თქმით, ახალქალაქის სერვისცენტრში მას უთხრეს, რომ ამჟამად არც ნაგვის ურნები და არც ნაგვის გადამზიდი მანქანა არ მოეპოვებათ. როგორც კი შესაძლებელი იქნება, ისინი ამ საკითხს მოაგვარებენ.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, აღნიშნულ პრობლემას ჯერ კიდევ 2020 წელს განიხილავდნენ. ბევრ სოფელში აუცილებელია ნაგვის ურნების დამონტაჟება, თუმცა, ამჟამად სერვისცენტრს შესაბამისი ტექნიკისა და ურნების არარსებობის გამო, ამის შესაძლებლობა არ აქვს.
“ჩვენ სახსრები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი მუნიციპალიტეტისგან დაფინანსება გვექნება, სოფლებში ნაგვის ურნებს დავამონტაჟებთ”,- განაცხადა სერვისცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა.