ახალქალაქის შიდა საქალაქო და შიდასაზოგადოებრივი გზები წელიწადის ნებისმიერ დროს რთულად გასავლელია. გზებზე არსებული ასფალტი მწყობრიდან არის გამოსული და დიდი ორმოები მძღოლებისთვის ნამდვილი განსაცდელია. როგორც ახალქალაქის მერიიდან გვაცნობეს, ზოგიერთ ქუჩაზე ორმოების ამოვსების სამუშაოები მიმდინარეობს, ზოგიერთზე კაპიტალური რემონტი ტარდება.
უკვე მეორე წელია, რაც ახალციხე-ახალქალაქის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზები მძიმე მდგომარეობაშია, გზების სხვადასხვა ნაწილზე დიდი ორმოები წარმოიქმნა. მძღოლები ხშირად გამოთქვამენ ამის გამო წუხილს.
“მე ამ გზით დღეში, რამდენჯერმე ვსარგებლობ, ასეთი სამუშაო მაქვს, ყოველ ჯერზე კიდევ ერთი ახალი ორმო ჩნდება. შეიძლება, ვინც ქალაქში სამუშაო ადგილას მშვიდად ზის, ამ გზის მდგომარეობა არ აწუხებს, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილი კოშმარია. ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ არავის არ ენაღვლება ეს ქვეყანა”, – განუცხადა JNEWS-ს ერთ-ერთმა მძღოლმა.
ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩაზე. ეს საერთაშორისო დანიშნულების გზაა, რომელზეც ძირითადად სატვირთო ტრანსპორტი მოძრაობს. ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე დიდი და ღრმა ორმოებია.
როგორც ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა გვაცნობა, როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, ორმოების ამოვსების სამუშაოები დაიწყება, ხოლო ახალციხე-ახალქალაქის გზა მოასფალტდება, სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.
“ჯავახეთის ქუჩა – საერთაშორისო დანიშნულების გზაა, ჩვენ არ ვემსახურებით, მაგრამ ახალციხე-ახალქალაქის გზაზე სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო. დაახლოებით 3 კმ უკვე ასფალტირებულია, წელს ეს გზა ჯავახეთის ქუჩის ნახევრამდე უნდა მივიდეს, პროკურატურის შენობამდე, მაგრამ ჩვენ ეს საკითხი გუბერნიაში წამოვაყენეთ, დაგვპირდნენ, რომ შუქნიშნებამდე დააგებენ ასფალტს. რაც შეეხება ქალაქის სხვა ქუჩებს, როგორც კი ცოტათი დათბება, ორმოების აღმოფხვრის სამუშაოები დაიწყება”, – აცხადებს ახალქალაქის მერი.
ახალქალაქის შიდასაქალაქო გზების ორმოების გასარემონტებად წლეულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 230 000 ლარი იყო გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ახალციხე-ახალქალაქის გზის რეკონსტრუქცია სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. გარემონტდება კორხის წყლის ხიდიდან დაახლოებით 7 კმ სიგრძის გზა. 2020 წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქი გზის (კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 6`638`460.00 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1”-მა 5`744`000.00 ლარით მოიგო.
ამ პროგრამის ფარგლებში 2021 წელს ორმოების ამოვსების სამუშაოები ჩატარდება ახალქალაქის ცენტრში, აზატუთიუნის და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. გზების რეაბილიტაციის ელექტრონული კონკურსის ბოლო ვადა – 2 წელი.