თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით არის კარგი სიახლეები. ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, თებერვლის ბოლომდე შემოვა ის 30 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც შეპირებული იყო და რომლითაც აიცრებიან პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები – ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ამის გარდა, დაახლოებით 200 000 შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმით – ეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აიცრებიან რისკის ჯგუფების წარმომადგენლები და დარჩენილი ჯანდაცვის მუშაკები.
არაოფიციალური ინფორმაცია მაქვს, თუ ნახევრად ოფიციალური – ამის გარდა, ჩვენმა მთავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ პირადი მოლაპარაკების გზით მიაღწიეს იმას, რომ 150 ათასი დოზა კიდევ შემოვა ახლა, თებერვალ-მარტში საქართველოში. ეს უკვე სერიოზულია, ძალიან კარგია პირველი ნაბიჯებისთვის, პირველი საფეხურისთვის.
შევძლებთ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციას და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინის გარეშე შევძელით ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება, ეს პროცესი წაეხმარება. ვფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი საქართველოსთვის წარსულს ჩაბარდა.
მე ვთქვი გარანტირებული ვაქცინები, რათა მერე ვიღაცას იმედგაცრუება არ დაეუფლოს, ხოლო სავარაუდო გაცილებით მეტია, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და არა მარტო „ასტრაზენეკასთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
ამასთან, ცერცვაძემ კომენტარი გააკეთა წმინდა სინოდის განჩინებაზე, რომელმაც ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელა.
„თუ ისინი მისაღებად ჩათვლიან ვაქცინაციას და არ იქნება შეზღუდვა, არ იქნება უარის თქმა, ეს ძალიან მნშვნელოვანია. ეს ნიშნავს, პრინციპში, ეკლესია აძლევს თანხმობას, ახლა უკვე ჯერი ჩვენზეა, ექიმებზე და ადმინისტრაციაზე, რამდენად გამოვიყენებთ ამ თანხმობას. ასე რომ, მე არ გავცნობივარ ზუსტად სინოდის განჩინებას, მაგრამ როგორც მითხრეს, ის მისაღებია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნულია: „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში“.