2021 წლის იანვრიდან ბუნებრივი აირის ფასი კომერციული დაწესებულებებისთვის, ლარის კურსის გამო 8%-ით შემცირდა. ფიზიკური პირებისთვის ტარიფი იგივე რჩება.
გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC -ის დირექტორის, რაზმიკ გუმაშიანის თქმით, ახალქალაქში ბუნებრივი აირის კომერციული მომხმარებლები იანვრიდან ბუნებრივ აირზე ნაკლებს იხდიან, თუმცა ფასების დაწევა არ ეხება ფიზიკურ მომხმარებლებს. გაიაფების მიზეზია – დოლარის კურსი.
“ბუნებრივი აირის ფასი ფიზიკური პირებისთვის არ შეცვლილა. რეგიონში ყველაზე იაფი ბუნებრივი აირი ჩვენ გვაქვს, ბორჯომთან და ახალციხესთან შედარებით. კომერციული აბონენტებისთვის ფასი გაიაფდა. ჩვენ გაზს დოლარის კურსით გვაწვდიდნენ. 48 ცენტთან შედარებით, ახლა ფასი 8 ცენტით შემცირდა და 40 ცენტი შეადგინა. ფასი 1-ლი იანვრიდან შემცირდა. ფიზიკური პირებისთვის ბუნებრივი აირის ფასს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია არეგულირებს, ის აწესებს ტარიფს და ჩვენ მისი შეცვლის უფლება არ გვაქვს. ხოლო კომერციული მომხმარებელი ბუნებრივ აირს ჩვენთან პირდაპირი ხელშეკრულებით იღებენ. SOCAR-ი ჩვენ ბუნებრივ აირს დოლარის კურსის მიხედვით გვაწვდის”, – ამბობს გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC -ის დირექტორი, რაზმიკ გუმაშიანი.
კომერციულმა ობიექტებმა იანვრის ქვითრები ტარიფით – 1 კუბ/მ-ზე 1,32 ლარი მიიღეს. ყველა მათგანმა კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა განაახლოს.