საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველ რიგში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

51 ოპოზიციონერთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირაში იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება. რეგლამენტის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით დეკემბერში მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათგან „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე შევიდნენ.