ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 2 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, ხოლო აჭარაში – 117.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 357 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 621 პირი, აჭარაში – 746, იმერეთში – 1 528”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.